ზესტაფონი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც საპილოტე პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებში, ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები დაიდგა, – აცხადებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში.
“ზესტაფონის მერიის მიერ განხორციელებული, ნარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში, ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები და კომპოსტირების ყუთები განთავსდა.
საჯარო სკოლებში, 3 სპეციალური ურნა დაიდგა, რომლებიც განკუთვნილია, პლასტიკის, ქაღალდის და შერეული ნარჩენების შესაგროვებლად”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, სკოლების მიერ შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ლიტერატურას მიიღებენ.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებას სპეციალური პრესის საშუალებით, მის გადამუშავებას და ინდივიდუალური კომპოსტირების დანერგვის ხელშეწყობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საპილოტე სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ქაღალდისა და პლასტიკის განცალკევებული შეგროვების განხორციელებისა და ინდივიდუალური კომპოსტირების სადემონსტრაციო საიტების შექმნის გზით.
“პროექტის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეიქმნება პირველი საპილოტე საიტები ნარჩენების სეპარირებისათვის, მოხდება მოსახლეობის ინფორმირება ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობის შესახებ, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კი თავად იქნება ჩართული ნარჩენების სეპარირებაში”, – ამბობენ მერიაში.
ნარჩენების სეპარირების საპოლოტე პროექტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის (DGG) პროგრამების მხარდაჭერით ხორციელდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.