აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 30 000 პირი ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ “აჭარის წყლის ალიანსის” ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროგრამის მიმდინარეობას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით 6 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება და ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში, კურორტ გოდერძიზე, პირველად მოეწყობა წყალმომარაგების თანამედროვე სისტემა.
პროგრამის მიზანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვა, საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობის ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და წყლის რესურსების შენარჩუნება.