ქუთაისის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, ქალაქის ბალანსზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნუსხა და გეგმა დაამტკიცა.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში სულ 400 მიწის ნაკვეთია შესული, აქედან მერია პირველ ეტაპზე 203 ნაკვეთს გაასხვისებს. უძრავ ქონებას აუქციონზე ქუთაისი მერია წელს პირველად გაიტანს.
“ჯერ უნდა დაგვედგინა მიწის ნორმატიული ფასი. ამის შემდეგ მოხდება ამ ქონების პრივატიზება აუქციონის წესით”, – განაცხადა მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა.
მისივე თქმით, ეს ის მიწის ფართობებია, რომლებზეც მოთხოვნა უკვე არსებობს.
2021 წლის ბიუჯეტში, პრივატიზაციის გეგმის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უძრავი ქონების გაყიდვიდან 4 300 000 ლარი უნდა მიიღოს.