საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელი ფართოვდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, კახეთში ჭაბურღილებზე 7 ახალი ავტომატური სადგური მოეწყო.
სადგურები ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და უახლესი ჰიდროგეოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი.
აპარატურა მიწისქვეშა წყლების ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) უწყვეტ მონიტორინგსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია მიწისქვეშა მტკნარი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა-დადგენა, რაც ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას ითვალისწინებს.
ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვას.