ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერია აუდიტის სამსახურის დასკვნებს არ აწვდის. მერიაში კი აცხადებებ, რომ შიდა აუდიტის დასკვნები საჯარო არ არის.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე, 10 თებერვალს მოვმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ყველა სამსახურის დასკვნა. ერთ თვეზე მეტია ქალაქის მერი გვიმალავს ინფორმაციას. ჩვენ გუშინ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე მივმართავთ სასამართლოსაც. მიგვაჩნია, რომ დასკვნების დამალვით, ქალაქის მერი ადასტურებს მერიაში კორუფციის ფაქტების არსებობას, მალავს ინფორმაციას იმიტომ, რომ არ მოხდეს საფუძვლიანი გამოძიება. ამასობაში, ეს ადამიანები, რომლებიც წლებია ქუთაისელების ფულს ფლანგავენ მერის ხელმძღვანელობით, აგრძელებენ მის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თმ თქმით, შიდა აუდიტის დასკვნა, რასაც დეპუტატი ითხოვდა, არ არის საჯარო ინფორმაცია და მისი გაცნობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში არის შესაძლებელი.
“გიგა შუშანიას შესაძლებლობა ჰქონდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი, სადაც 17 თებერვალს დაუფიქსირდებოდა მერიის პასუხი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ ინფორმაცია არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და მას შეუძლია ეს სასამართლო წესით გამოითხოვოს. კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ მისი გასაჯაროება ეკრძალება შიდა აუდიტის სამსახურს, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. შესაბამისად, მას შემოწმების ანგარიშის გაცემაზე უარი ეთქვა”, – ამბობს ირაკლი გიორგაძე.