საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონი ლარია.
მათივე ინფორმაციით, 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შიდა ქართლის რეგიონში უკვე დაასრულა 4 სკოლის მშენებლობა და დამატებით მიმდინარეობს 7 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.
დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე დავით ტაბიძემ, გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მამუკა საღარეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ პატარა მეჯვრისხევში არსებული საჯარო სკოლა ამორტიზირებული იყო, რის გამოც ბავშვებს სოფელ აძვის საჯარო სკოლაში უწევდათ სიარული. დღეიდან კი სოფელ პატარა მეჯვრისხევის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში დაიწყეს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.