ქუთაისის მერიის ინფორმაციით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ,ქალაქის ბიუჯეტი 4 სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
პროექტში ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლა არის ჩართული. ქუთაისის მერმა და სკოლების ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების აბიტურიენტების საგამოცდო საგნებში მომზადების დაფინანსება გადავწყვიტეთ. შევხვდით ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და ერთობლივად ავარჩიეთ პროექტის განხორციელების ოპტიმალური ვარიანტი. პროექტში მონაწილე მეთორმეტეკლასელები უკვე ესწრებიან მეცადინეობებს მათ მიერვე არჩეულ სასკოლო საგნებში. პროექტს მომავალ წელსაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტში კერძო სკოლები : ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“, სასწავლო ცენტი „მერმისი“, შპს #1 სკოლა და „ინტელექტი“ მონაწილეობენ.
პროექტის ბიუჯეტი 60 ათასი ლარია.