25 ნოემბერს მასშტაბური შეკრება, პარლამენტის პიკეტირება და სხდომის ჩაშლა – საპროტესტო აქციის მონაწილეთა ახალი გეგმა

892

ორშაბათს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ შეკრებას, პარლამენტის პიკეტირებას და პარლამენტის სხდომის ჩაშლას აანონსებენ. სამოქმედო გეგმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ შოთა დიღმელაშვილმა გამოაცხადა.

“მინდა, ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში.

ჩვენ პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ხომ დაგვშალეთ გუშინ, ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ, დაგვშალოთ. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება და თუ დეპუტატებს მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართველი პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ”, – მიმართა დიღმელაშვილმა ხელისუფლებას აქციიდან.

მისივე თქმით, შეიძლება, გუშინ აქციის მონაწილეებმა ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იყო დამარცხებული და სხვა ყველაფერთან ერთად, გუშინდელ დღესაც არ აპატიებენ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათი სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია, დაშლის მიუხედავად, ისევ გრძელდება.