შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია, პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.
ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.
შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.