თემის თვითორგანიზების გამოცდილება საქართველოში – ისტორიული რაკურსი  და თანამედროვე გამოწვევები

ავტორები:

ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

თემის თვითორგანიზების, თვითმოქმედების და მობილიზების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საბჭოთა საქართველოში (1921-1991 წწ),  ცენტრალიზებული მართვის პირობებში, არ არსებობდა; სათემო განვითარებასა და თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყო.[1] უკვე 25 წელია, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საკითხებზე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია მუშაობს; თემა და სამუშაო მეთოდოლოგია გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნისათვის ახალი იყო; მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა და პროცესის თანმხლები სირთულეებისა, წლების მანძილზე მუშაობას უშედეგოდ არ ჩაუვლია; გარდა იმისა, რომ დღეისათვის საქართველოში საკმარისი გამოცდილება დაგროვდა, შემუშავდა და დაინერგა თემთან მუშაობის ინსტრუმენტები, ამ პერიოდში გაწეული ძალისხმევის მთავარი შედეგი, ადგილებზე (სოფლებში) მოქმედი სათემო ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები და თემის პრობლემების გარშემო, მათი საქმიანობაა.[2]

დღის წესრიგში დაგროვილი (თემის განვითარების საკითხებზე მომუშავე  კონკრეტული ორგანიზაციების მიერ) გამოცდილების ურთიერთგაზიარებაც დადგა,[3] რამაც, თავის მხრივ, თემთან მუშაობის პროცესში არსებული პრობლემების, დამდგარი შედეგების, უარყოფითი და დადებითი გამოცდილების ანალიზსა და განზოგადებას შეუწყო ხელი.

თემის თვითორგანიზების ძირითადი გამოწვევები

ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის, ასევე, თემის განვითარებისა და სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე სახელწიფო, საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციები მუშაობის პროცესში ხშირად აწყდებიან ერთნაირ პრობლემებს: თემის პასიურობა, ადგილობრივი ინიციატივის სიმცირე, ერთგვარი უნდობლობა მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების მიმართ, სუსტი ადგილობრივი დემოკრატია და სხვა. დღეს საქართველოში ხშირია დისკუსია იმის შესახებ, რომ საჭიროა სოფლად თუ ქალაქში მცხოვრებლების გააქტიურების, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის ფორმირებისა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში მოქალაქეების ეფექტური მონაწილეობის  ხელშეწყობა; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ სოფლის მაცხოვრებლების პასიური მონაწილეობაა სასოფლო განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებსა და ღონისძიებებში, მაგალითად, სასოფლო შეკრებებში. მსგავსი შეკრებები შეიძლება შეეხებოდეს ადგილობრივი პრობლემების, საჭიროებების გამოვლენასა  და ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სასოფლო პრიორიტეტების განსაზღვრას. ხშირად პრობლემურია არა მარტო ამა თუ იმ მნიშვნელოვან და სოფლისათვის საჭირბოროტო საკითხზე სოფლის ან საუბნო კრების მოწვევა და მასში მოსახლეობის მონაწილეობა, არამედ ზოგადად, რაიმე ტიპის გაერთიანებისა და ინტერესთა ჯგუფების ფორმირება სხვადასხვა იდეის გარშემო.

რეგიონებში, სხვადასხვა სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომ სამოქალაქო მონაწილეობა, თემის მობილიზება და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური მონაწილეობა არ არის ქვეყნის კულტურის ნაწილი; საქართველოში საზოგადოებას თითქოს არასდროს ჰქონია მსგავსი მოქმედების გამოცდილება. შესაბამისად, არსებობს ის გამოცდილებაც, როცა სათემო განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ მიწვდილი სამუშაო მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტების მიმართ დასაწყისში საკმარისი ნდობა არ არსებობს, რის გამოც მსგავს პროცესებში თანამონაწილეობის მაჩვენებელიც დაბალია.

ეს დამოკიდებულება ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას საბჭოთა ცენტრალიზებული მმართველობის გამოცდილებით, როდესაც ადგილობრივი დონის ყველა საკითხი სხვის მიერ, კერძოდ კი “სახელმწიფოს”, ცენტრის მიერ კონტროლდებოდა და გადაწყვეტილება ვერტიკალიდან მოდიოდა;

თუმცა, იმის გასარკვევად, იყო თუ არა აქტიური თემი როდესმე საქართველოს კულტურის ნაწილი, არსებობდა თუ არა სასოფლო დონეზე სხვადასხვა კერძო ინიციატივა, რომლებმაც თემის თვითორგანიზებას შეუწყო ხელი და საერთო სასოფლო კეთილდღეობაზე გარკვეული პოზიტიური გავლენა იქონია – ცალკე ისტორიული კვლევის ჩატარება გახდა საჭირო.

საქართველოში თემის თვითორგანიზების ისტორიული გამოცდილების კვლევა – 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე

 კვლევითი პროექტი „ინიციატივა ცვლილებებისათვის“ 2015 წელს განხორციელდა.[4] პროექტის მიზანი იყო, საქართველოში თემის თვითორგანიზების კულტურისა და გამოცდილების კვლევა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე;[5] ასევე, პოზიტიური გამოცდილების წინ წამოწევა, იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პრობლემების ანალიზი, შედარება დღეს არსებულ ვითარებასთან და ზოგადად, აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებრივი დისკუსიის ინიცირება.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან – 1921 წლამდე, საქართველოს პერიოდული გამოცემების შესწავლისას, გამოიკვეთა იმდროინდელი საზოგადოებისათვის აქტუალური მრავალი თემა, რომელთა შესახებაც მიმდინარეობდა მსჯელობა, მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა; კვლევის პროცესში ფოკუსი ისეთ საკითხებზე მოხდა, რომლებიც დაკავშირებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების სხვადასხვა ფორმასა და მაგალითთან (ადგილობრივი კერძო ინიციატივა, თვითორგანიზება, თვითმმართველობის სასოფლო ფორმები, შრომითი გაერთიანებები და სხვა). შედეგად, მკვლევართა გუნდმა, საარქივო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დაამუშავა ოცამდე კონკრეტული მაგალითი.

 მოძრაობა თვითმმართველობის რეფორმისათვის

კვლევის პირველი კომპონენტი თვითმმათველობის იმ დროს დაშვებული ფორმების შესწავლას ეთმობა. თვითმმართველობის მოძრაობის ანალიზმა კავკასიასა და საქართველოში, რომელიც რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, შემდეგი სურათი აჩვენა: 1860-იან წლებში, „დიდი რეფორმების ხანაში“, 1865 წელს საქართველოშიც (ტფილისის და ქუთაისის გუბერნიები) გატარდა საგლეხო რეფორმა; გლეხები გათავისუფლდნენ ბატონ-ყმური დამოკიდებულებისაგან და სათანადო დებულების საფუძველზე მოხდა სოფლის საზოგადოებრივი მმართველობების ჩამოყალიბება.[6] კვლევამ შესწავლილ მაგალითებში სწორედ ამ სასოფლო თვითმმართველობის ჩანასახების შესახებ ჯერ კიდევ ცოცხალი მეხსიერება გამოავლინა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, ქიზიყში. კერძოდ, სოფლის ყრილობების მუშაობა, სპეციფიკა, ყრილობებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, განსახილველი საკითხები (კომპეტენციები) და ყრილობის  გავლენა სოფლის პრობლემების მოგვარებაზე.

იმპერიის კოლონიზატოროული პოლიტიკის გამო, ამ ჩანასახებმა განვითარება ვერ ჰპოვა – ცენტრალურ ხელისუფლებას განაპირა – არარუსულ მხარეებში ძალზე აშინებდა ყოველგვარი პროგრესული მოძრაობა და ათწლეულების განმავლობაში ბლოკავდა კავკასიაშიც შეზღუდული თვითმმართველობის მოდელის ამოქმედებას, რომელიც იმპერიის შიდა გუბერნიებში 1860-იანი წლებიდან მუშაობდა და მისი სარგებლიანობა ცხადზე ცხადი იყო. ამის გამო, ადგილობრივ მოღვაწეთა თაობები წლიდან წლამდე იკრებდნენ თანამოაზრეებს და ცდილობდნენ სხვადასხვა სამოქალაქო და სოციალური კამპანიებით თვითმმართველობის თუნდაც შეზღუდული მოდელის (ე.წ. „ზემსტვო“) მოპოვებას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მისი ეფექტიანობის შესახებ – პრესაში მიმდინარეობდა  დისკუსია თვითმმართველობის შესაძლო ფორმებზე, ამ მხრივ – ევროპულ გამოცდილებაზე. აღნიშნულ საკითხებს ეძღვნებოდა მთელი რიგი სპეციალური, დარგობრივი გამოცემები.

1917 წელს, რუსეთის იმპერიის დაცემისა და დროებითი მთავრობის დროს, თავისუფალ პირობებში განახლდა სრულიად ახალი მოდელის – სრულფასოვანი თვითმმართველობის დანერგვაზე მუშაობა.

1918 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, უკვე მოეწყო თვითმმართველობის არჩევნები და მათ დაიწყეს ცენტრალური ხელისუფლებისაგან ქონებისა და უფლებამოსილებების გადაბარება.

არსებული მოდელით, მათ მაქსიმალური კომპეტენცია ჰქონდათ მინიჭებული. ცენტრალურ მთავრობას თვითმმართველ რეგიონებში საკუთარი ადმინისტრაციული აპარატი საერთოდ არ გააჩნდა და ყველაფერი თვითმმართველობის განკარგულებაში იყო. 1921 წლამდე დაძაბული მუშაობა მიდიოდა თვითმმართველობის საკვანძო, საბაზისო ერთეულის – სასოფლო, სათემო ერობების (თვითმმართველობის) განვითარებისათვის.

1921 წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, შეწყდა არა მარტო თვითმმართველობის რეფორმის (ქვეყნის დეცენტრალიზაციის) პროცესი, არამედ, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და დაიწყო ტოტალიტარული, ცენტრალიზებული რეჟიმის ფორმირება, რომელმაც 70 წელს გასტანა და დღემდე მძიმე კვალი დატოვა საზოგადოების ცნობიერებაზე. თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება საქართველოში 1990-იან წლებში ხელახლა დაიწყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. პროცესი საკმაო დაბრკოლებებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა, რეალურ თვითმმართველობამდე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი.

თუკი შევადარებთ 1918 წლის ერობის რეფორმას 1990-იანი წლების და შემდგომი რეფორმის ეტაპებთან, უნდა აღინიშნოს, რომ დეცენტრალიზაციის საუკუნის წინანდელი ხედვა გაცილებით გაბედული და პროგრესული იყო და თემთან მაქსიმალური სიახლოვის იდეას ეფუძნებოდა.

კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივები და მათ გავლენა სოფლის ცხოვრებაზე

კვლევის მეორე კომპონენტი აერთიანებს კულტურისა და განათლების სფეროში, ინტერესთა ჯგუფების, ორგანიზაციების მუშაობას სასოფლო თუ ეროვნულ დონეზე.

„XIX საუკუნის მეორე ნახევარში განმანათლებლობის კამპანიის ინიციატორები ცდილობდნენ, საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული ცოდნა, სოფლის მოსახლეობისათვის გაეცნოთ. მათ მიზანს ახალი ცოდნის უპირატესობის ჩვენება წარმოადგენდა. კამპანიის ინიციატორები თვლიდნენ, რომ მხოლოდ აქტიურ მოქალაქეთა ორგანიზებულ ძალად ჩამოყალიბებული გლეხობა შეძლებდა თვითორგანიზებას …“[7]

ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით, მაგრამ, ზოგადად, მთელ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურისა და განათლების ხელმისაწვდომობას, არაფორმალური განათლების დაწესებულებების შექმნას, სამკითხველოების დაარსებას, კულტურულ ცხოვრებაში სოფლის ჩართულობას და სხვა.

ამ პერიოდში იქმნება და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაცია;  ჩანს მრავალი მაგალითი კერძო თუ სათემო ინიციატივისა სოფლად  კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვისა. პროცესებში აქტიურად ერთვება მოსახლეობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (სასოფლო სამკითხველოს, სკოლის დაარსება, თეატრის მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერა) თემის დონეზე ფონდების მოძიებისა და მატერიალურ-ფინანსური რესურსების მობილიზების კამპანიები და ამ კამპანიებში საზოგადოების მაღალი ჩართულობა. სხვადასხვა სოფელში, ქალაქში, განსხვავებული ინტერესთა ჯგუფების მიერ იმართებოდა ღონისძიებები კონკრეტული საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდასაჭერად. სოფლები ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვისაც ახერხებდნენ თანხების მობილიზებას. საყურადღებოა, მაგალითად, 1887 წელს სოფელ ქვემო მაჩხაანის[8] სკოლაში გამართული სპექტაკლი, რომელიც აღნიშნული სოფლის ქალებმა გამართეს, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით.[9] მსგავსი მაგალითები ბევრია და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული მაგალითები, იმ დროინდელი საზოგადოების სამოქალაქო მონაწილეობის, თვითორგანიზების, ჩართულობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს.

სამეურნეო გაერთიანებები, კოოპერაცია და ამხანაგობები

მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, საქართველოში სასოფლო მეურნეობის თითქმის ყველა დარგში ჩამოყალიბდა საწარმოო კოოპერატივები. სამეურნეო გაერთიანებებისადმი საზოგადოების  ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ 1909 წელს გამოიცა სპეციალური წიგნი „კოოპერაცია“. თეორია, ისტორია და პრაქტიკა“[10] და ასევე, გამოდიოდა სპეციალური პერიოდული გამოცემა. ჟურნალის „კოოპერაცია“ მეშვეობით მკითხველი ეცნობოდა ევროპული ქვეყნების გამოცდილებასა და მიღწევებს კოოპერატივების მუშაობის შესახებ.[11]

დაუზუსტებელი ინფორმაციით 1921 წლისათვის საქართველოში 900-მდე კოოპერატივი მოქმედებდა, რომელიც მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებდა.

კვლევა შეეხო რამდენიმე კოოპერატივის საქმიანობას, როგორც თანამშრომლობისა და  ინტერესთა გაერთიანების მაგალითს; საქართველოში დღესაც აქტუალურია კოოპერატივებისა და, ზოგადად, შრომითი გაერთიანებების საკითხი. სოფლად მცხოვრებ გლეხთა დიდი ნაწილი მცირემიწიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო შრომის შედეგად მიღებული მოგება ოჯახისათვის საკმარისი არ არის და სამეურნეო ძალთა გაერთიანება ამ საკითხის მოგვარების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს.

2013 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. დღეს ხშირია შემთხვევა, როცა კოოპერატივები გლეხებისთვის კოლმეურნეობასთან[12] ასოცირდება, რაც კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიმართ ერთგვარ უნდობლობას იწვევს.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერების წინ წამოწევა და იმის გააზრება, რომ მსგავსი სამეურნეო ფორმები საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო; მიუხედავად მათ წინაშე მდგარი არაერთი გამოწვევისა და პრობლემისა, იმ პერიოდის კოოპერატივებმა წევრების კეთილდღეობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე, არსებობის მოკლე პერიოდში, გარკვეული პოზიტიური გავლენა იქონიეს.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიზანი სწორედ თვითორგანიზების პოზიტიური მაგალითებისა და გამოცდილების წინ წამოწევა იყო, ანალიზი შეეხება მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების დამაბრკოლებელ გარემოებებსაც, რაც, იმჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობის გამო, ხელს უშლიდა ცვლილებებზე მიმართული ინიციატივების განვითარებასა და გაფართოებას. პრობლემებისა და საზოგადოებრივი განწყობების ანალიზი მნიშვნელოვანი იყო, ასევე, სათემო განვითარების პროცესების წინაშე, საქართველოში დღეს არსებული გამოწვევების შეფასების კუთხითაც, რამდენადაც სწორედ დღევანდელი პრობლემები და გამოწვევები იქცა ისტორიული კვლევის ჩატარების წინაპირობად.

თვითორგანიზების ტრადიციის წყვეტა

მოსაზრება, თითქოს საქართველოში, სოფლებში თემს არასოდეს შეეძლო მობილიზება, არ არსებობდა ადგილობრივი ინიციატივები, ვერ ხერხდებოდა სოფლის პრობლემების გარშემო გაერთიანება, შრომითი და სამეურნეო კავშირების, ამხანაგობების ფორმირება,  საზოგადოებრივ-კულტურული გაერთიანებების შექმნა, რომ აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობა ქვეყნის კულტურის ნაწილი არ არის – არასწორია. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოშიც თვითორგანიზების არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს, თუმცა, ეს  ისტორიული მაგალითები საზოგადოების მეხსიერებიდან დღეს თითქმის მთლიანად განდევნილია.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ზემოთ განხილული ყველა საკითხი (დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის რეფორმა, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, თემის განვითარება, ინტერესთა ჯგუფების ფორმირება, კოოპერაცია, სამოქალაქო მონაწილეობა) ახლიდან დადგა დღის წესრიგში, როგორც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სრულიად ახალი და უცხო თემები.

რამ განაპირობა  საუკუნის წინანდელი რთული, მაგრამ დინამიური და დემოკრატიული განვითარების პროცესების, თვითორგანიზების ტრადიციების წყვეტა, ისტორიული მეხსიერების დაკარგვა? რა განაპირობებს  დღეს (90-იანი წლებიდან მოყოლებული) სათემო განვითარების სამუშაო პროცესებში წარმოქმნილ ზემოთ განხილულ პრობლემებს? საზოგადოების დაბალ ინტერესს საერთო საქმისა და სივრცის მიმართ? ადგილობრივი ინიციატივისა და თვითორგანიზების დაბალ მაჩვენებელს?

თემის პასიურობის დღევანდელ ვითარებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

საქართველოს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები შეჩერდა. საბჭოთა რეჟიმი თავიდანვე მტრულად განწყობილი აღმოჩნდა აქტიური მოქალაქეების, საკუთარი, ადგილობრივი ინიციატივის მიმართ. იმ პირთა უმრავლესობა, რომლებიც ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური ცვლილებებისთვის იბრძოდნენ, საბჭოთა პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხვერპლა. თვითორგანიზებისა და თვითმოქმედების სივრცე გაქრა. ინიციატივის ნაკლებობა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საბჭოთა მმართველობის მთელი პერიოდის მანძილზე არსებულ გამოთქმას „ინიციატივა დასჯადია“. 1930-იანი წლებიდან დაიწყო კოლეტივიზაციის პროცესი; გაუქმდა სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქუტრაზე კერძო საკუთრების უფლება, შეძლებულ გლეხებს ქონება ჩამოართვეს და სოფლის მცხოვრებლები კოლექტივებში იძულებით გააერთიანეს.[13] სოფლის მეურნეობა ცენტრალიზებული – საბჭოთა გეგმიურ ეკონომიკურ მოდელზე გადაეწყო, რამაც ძალზე შეაფერხა აგრარული სექტორის განვითარება.

1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. „90-იანი წლების პირველი ნახევრის პოლიტიკური ქაოსი და შეიარაღებული კონფქლიტები, მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას გამორიცხავდა“[14] ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დადგა: მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ქვეყანაში გამეფებული კორუფცია, უმუშევრობა, არსებული საწარმოო და სხვა ინფასტრუქტურის მოშლა. სოციალური პრობლემები, როცა ყოველდღიური გადარჩენისთვის ბრძოლის პროცესში საერთო საქმის განცდა და მნიშვნელობა სუსტდება; ამ ყოველივემ თავისი გავლენა იქონია საზოგადოების  ნიჰილისტურ განწყობებზე. საბჭოთა პერიოდშიც და შემდეგ, გარდამავალ ეტაპზეც, ადგილი ჰქონდა, სახელმწიფო მართვის სისტემის მაქსიმალური ცენტრალიზაციას:; საზოგადოების ფართო ფენები გარიყული იყო პოლიტიკური თუ სოციალური გადაწყვეტილების მიღების პროცესისაგან.[15]

საბჭოთა მმართველობის 70 წელი და შემდეგ, გარდამავალი პერიოდი, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა, ადგილობრივი დემოკრატიის ჩანასახების, თვითორგანიზების ტრადიციის და გამოცდილების სრულებით დასავიწყებლად, რაც 1921 წლამდე გვხვდებოდა სხვადასხვა მაგალითის სახით მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეჯამება

 „თანამედროვე ეპოქაში სათემო განვითარების პროცესი უფრო რთული და ყოვლისმომცველი გახდა. დღეისათვის ამ მიმართულებას უკვე მხოლოდ თემი აღარ ახორციელებს დამოუკიდებლად. პროცესში ერთვება თვითმმართველობები, სახელწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესი“, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, „რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი პრობლემების ადგილზევე მოგვარებით“[16]

ისტორიული გამოცდილების ანალიზი აჩვენებს, რომ ნებისმიერი ინიციატივის მთავარი გამჭოლი თემა გახლდათ კონკრეტული პიროვნებების  ინდივიდუალური თუ გუნდური ძალისხმევა, ინიციატივა რეალური ცვლილებებისათვის: სათემო თუ პირადი ინიციატივის შედეგად მობილიზებული თემი, წარმართული საზოგადოებრივი პროცესები და მათი პოზიტიური გავლენა – კონკრეტული ინტერესთა ჯგუფის, მთლიანად თემისა თუ მისი ნაწილის ცხოვრებაზე, ასევე, სოფლის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღსანიშვნავია, ასევე, მუშაობის დარგობრივი კომპლექსურობა თემის განვითარებისათვის. იქნებოდა ეს კულტურულ-საგანმანათლებო, სამეურნეო თუ სხვა საქმიანობა, ინიციატორები ცდილობდნენ, თემზე ორიენტირებული საქმიანობა მრავალმხრივი ყოფილიყო და მოეცვა როგორც სოციალური, ისე საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური განვითარების ასპექტები. მსგავსი მიდგომა დღესაც თემთან მუშაობის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.

სათემო განვითარების საკითხებზე მსჯელობისას, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღეს საზოგადოებაში (განსაკუთრებით სოფლებში) არსებული ნიჰილიზმის დაძლევის გზებია. ვფიქრობთ, პოზიტიური ისტორიული გამოცდილების წინ წამოწევა, ტრადიციის და საზოგადოებრივი აქტიურობის გახსენება შეიძლება გახდეს ამ დამოკიდებულებების დაძლევის ერთ-ერთი საშუალება. რწმენის დაბრუნება, რომ ჩვენი საზოგადოება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი განვითარების პროცესების მონაწილე იყო, რომ სამოქალაქო მონაწილეობა, თვითორგანიზება ქვეყნის კულტურის ნაწილია და, თუკი ეს ლამის საუკუნის წინ შეგვეძლო, მონდომების შემთხვევაში, ახლაც შევძლებთ.

 

[1] დავით ლოსაბერიძე „თემთან მუშაობა – გამოწვევები და პერსპექტივები“, სათემო განვითარების კოალიციის გამოცემა „თემთან მუშაობა და თემის განვითარება“ 2012 წ.

[2] სტრატეგიული კვლევებისა და განვიტარების ცენტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში, სოფლების დონეზე 100-ზე მეტი სათემო ორგანიზაცია მოქმედებს.

[3] სათემო განვითარების კოალიცია სათემო მობილიზების საკითხებზე მომუშავე ცხრა საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს;  2011-2012 წ. კოალიცია ინტენსიურად მუშაობდა გამოცდილების გაზიარებისა და განზოგადებაზე; თემთან მუშაობის მეთოდოლოგიაზე. მოხდა რიგი ტერმინების განმარტება  და მომზადდა პუბლიკაცია „თემთან მუშაობა და თემის განვითარება. დამხმარე სახელმძღვანელო“.

[4] სათემო განვითარების ცენტრის, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისისა და საქართველოს სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმის ერთობლივი პროექტი განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.

[5] კვლევა ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკასა (პერიოდული გამოცემების შესწავლა) და არქივში (დოკუმენტაცია);  ასევე, მოხდა მიზნობრივ სოფლებში ზეპირი ისტორიების შეგროვება და საოჯახო არქივების გამოვლენა.

[6] დიანა კაკაშვილი „სოფლობა“; „ინიციატივა ცვლილებისათვის- თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე“, 2016, გვ. 13.

[7] ირაკლი ხვადაგიანი, „გურიის სახალხო ბიბლიოთეკა“; „ინიციატივა ცვლილებისათვის – თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე“, 2016 წელი,  გვ. 60

[8] სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

[9] თამარ სიხარულიძე. სოფელი ქვემო მაჩხაანი – ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი.  „ინიციატივა ცვლილებისათვის – თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე“, 2016, გვ. 49

[10] ავტორი კონსტანტინე კანდელაკი, მოსკოვის უმაღლესი კომერციული სასწავლებლის კურსდამთავრებული.

[11] დიანა კაკაშვილი „მეცხვარეთა ამხანაგობა – მწყემსი“; „ინიციატივა ცვლილებისათვის- თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე“, 2016, გვ. 85

[12] კოლექტიური მეურნეობა – საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების მოდელი, რომელიც ფორმალურად მოიაზრებდა სოფლად არსებული ყველა საწარმოო საშუალების მობილიზებას, გაერთიანებას და ეფექტიან მართვას, თუმცა რეალობაში, ტოტალიტარული და ცენტრალიზებული რეჟიმის პირობებში სამეურნეო ძალებისა და გლეხების ექსპლუატაციის სასტიკ მანქანას წარმოადგენდა.

[13]  კოლექტივიზაციის პირველი ეტაპი 1929-1931 წლებში ჩავარდა, რადგან ძალდატანების გამო მასობრივი პროტესტი და აჯანყებები დაიწყეს გლეხებმა, რის გამოც კომპარტიამ უკან დაიხია და ტემპი შეანელა და ზომები შეარბილა. მცირე „შესვენების“ შემდეგ – 1935-1936 წლებიდან კოლექტივიზაცია მასობრივი ტერორის ფონზე მიმდინარეობდა და განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა სოფელები.

[14] დავით ლოსაბერიძე „თემთან მუშაობა – გამოწვევები და პერსპექტივები“, სათემო განვითარების კოალიციის გამოცემა „თემთან მუშაობა და თემის განვითარება“ 2012 წ.

[15] იქვე

[16] იქვე

მსგავსი სიახლეები