ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში წყალმომარაგების ახალ მილებს გაიყვანენ

761

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ რუსთავში ის ტერიტორია აზომეს, რომელზეც ახალი წყლის მილები უნდა გაიყვანონ. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყება.

„ცენტრალური გამანაწილებლიდან, რომელიც ოშორის წყლით მარაგდება, ცალკე მილს გავიყვანთ იმ 12 ოჯახისთვის, რომელსაც წყლის მიწოდება შეუწყდა. წყალგაყვანილობა 1 056 მეტრზე მოეწყობა“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა.

მისივე თქმით, ეს დროებითი პრევენციაა. გაზაფხულიდან სოფელში ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს და რუსთავის მოსახლეობას წყლის პრობლემას მოუგვარებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 აგვისტოს, რუსთავის მოსახლეობამ სოფელში სასმელი წყლის დაშრობის გამო, ასპინძის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ წყლის პრობლემის მოგვარებას.

ასპინძის გამგეობაში განაცხადეს, რომ ალტერნატიულ წყაროებზე ზრუნვა რამდენიმე კვირაა დაიწყეს, მას შემდეგ რაც აღნიშნულ 12 ოჯახს წყლის მიწოდება შეუწყდა. მოსახლეობის მხრიდან უყურადღებობაში დადანაშაულება კი უსაფუძვლო ბრალდებაა.

გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის განმარტებით, ადგილობრივების ნაწილი, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ბურჯანაძე–დემოკრატებიდან“, სიტუაციას თავიანთი პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად იყენებენ.

„საწყენია, ისინი, ვინც გუშინ იქ (10 აგვისტოს, ასპინძის გამგეობის წინ გამართულ აქციაზე. ს.კ) ჭკუას გვასწავლიდნენ და გვარიგებდნენ, დღეს აღარ გამოჩენილან. ასპინძის საკრებულოს დეპუტატებმა ჯემალ იაკობიძემ და რამაზ სანდროშვილმა, სამწუხაროდ დღეს არ მოისურვეს ჩვენს გვერდით დგომა, ისინი სოფელს კარგად იცნობენ და უკეთ დაგვაკვალიანებდნენ, მაგრამ არ ეცალათ და არ მოვიდნენ თავიანთი სოფლის პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა აპექსანდრე პაპაშვილმა.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის მილების გასაყვანად ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ წყლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს პრობლემა აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში მოუგვარდება.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე