ალაფიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სამართლებრივად გაუმართავია

778

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” იურისტის, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ “საარჩევნო კოდექსსა” და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციას, ისევე როგორც ზოგადად მმართველობას, სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს.

ალაფიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სამართლებრივად გაუმართავია.

“ცესკოს უკვე ექმნება პრობლემები. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ “საარჩევნო კოდექსის” ორ მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო ოლქი არის თვითმმართველი ერთეული, ცესკომ 31 ივლისს შვიდ თვითმმართველ ქალაქში – თვითმმართველ ერთეულში, საარჩევნო ოლქები გააუქმა. ეს პირდაპირი დარღვევაა. თვითმმართველი ქალაქები იურიდიულად და ფაქტობრივად არსებობს, ჯერ ის არ გაუქმებულა და ცესკომ გააუქმა. ის კანონსაწინააღმდეგოდ მოიქცა – ეს არის თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება”, – განაცხადა  ლევან ალაფიშვილმა.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მიერ “საარჩევნო კოდექსსა” და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, გამგებლის ინსტიტუტი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ უქმდება. პარლამენტის მიერ მიღებული ნორმები, რომლითაც გამგებლები აღარ იარსებებენ და მხოლოდ მერების არჩევა მოხდება, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან შედის ძალაში.

ალაფიშვილის ინფორმაციით, “კანონმდებლებს სიჩქარეში გამორჩათ და მოგვიანებით, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” გარდამავალ დებულებებს მიაწერეს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისას ირჩევიან მერები”.

“საარჩევნო კოდექსის” და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ძირითად კანონებზე მუშაობის დროს უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ წლევანდელი არჩევნებისთვის მერების არჩევნებზე გადასვლა მოხდებოდა და გამგებლები აღარ იარსებებდნენ, მაგრამ ეს ძირითად კანონში ასახული არ არის. შესაბამისი ჩანაწერი კი მოგვიანებით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” იმ დროს გააპარეს, როცა პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობდა”, – აღნიშნა ალაფიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი