გედევან ფოფხაძე: ვიცი, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრ პარტიულ ხმას დაკარგავს

871

ვიცი, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრ პარტიულ ხმას დაკარგავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” და ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

„ჩვენ თვითმმართველობას არავის ვართმევთ, ერთიან სტანდარტს ვაწესებთ. მე ოპოზიციაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიყავი და ვიყავი რაიონში, ვიცი ამ ცვლილების ფასი და ვიცი, რომ ამითი „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრ პარტიულ ხმას დაკარგავს, პირადად მე მიმაჩნია, რომ მინიმუმ 10%-ს დაკარგავს და ეს გაზრდის სწორედ ოპოზიციური პარტიების ხმებს. აქედან გამომდინარე, არასწორია როდესაც პოლიტიკური შეფასებები კეთდება აქცენტით, რომ ჩვენ ვაუარესებთ დემოკრატიულ მდგომარეობას, ჩვენ მაინც საერთო სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა ერთი საკითხით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტს, აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

წყარო: ინტერპრესნიუსი