ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

1200

ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)” ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა.

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოს” ინფორმაციით, გალის საავადმყოფოსთვის შეძენილი იქნა : პილსოქსიმეტრები, 50 ყუთი ნიტრილის ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები საავადმყოფოსთვის, 400 ცალი სამედიცინო ხალათი, 28 ყუთი ლატექსის ხელთათმანი. “მოძრაობა მომავლისთვის” განხორციელებული სამედიცინო ინვენტარის გადაგზავნა, პირველი სოციალური კამპანია იყო, რომელიც განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ტვირთი, რომელიც გაიგზავნა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საჭიროებისამებრ მოხმარდება. სამედიცინო ინვენტარის გადანაწილების პროცესს ადგილობრივი ექიმები გააკონტროლებენ.

საჭირო ინვენტარის შესაძენად ფონდში მნიშვნელოვანი შემოწირულობა შეიტანა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ოჯახმა.

„ეს არის პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გალის კლინიკაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება ამ რთულ ვითარებაში. იქ არის უმძიმესი მდგომარეობა და ძალიან მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა ყველა ბიზნესს და ადამიანს ვინც ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს. განსაკუთრებული მადლობა მამუკა ხაზარაძეს და მის ოჯახს ვინც პირველი მნიშვნელოვანი შემოწირულობა გააკეთა მოძრაობის ფონდში და დაეხმარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ” – განაცხადა “მომოს” დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

„გალში ცხოვრობს, 40 000-დან 55 000-მდე საქართველოს მოქალაქე. ეს ხალხი ორჯერაა სახლიდან გამოყრილი და დღემდე მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან…

ჩვენამდე მუდმივად მოდიოდა ინფორმაცია, რომ გალის საავადმყოფოები კორონავირუსთან საბრძოლველად არ არიან მზად. ადგილზე არ აქვთ – პირბადეები, ხელთათმანები, სადიზენფექციო საშუალებები და ა.შ.

მამუკა ხაზარაძის შემოწირულობით და კიდევ რამოდენიმე ადამიანის დახმარებით, ჩვენ, დღეს ერთი მიკროავტობუსი, შესაბამისი ტვირთით, შევაგზავნეთ გალში. მადლობა მამუკას მხარდაჭერისთვის!

ამასთანავე – აფხაზეთი სრულიად მოუმზადებელი ხვდება მოახლოებულ გასაჭირს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და იმედი მაქვს მალე, ამგვარ ტვირთს ისევ გავაგზავნით გალშიც და ამჯერად სოხუმშიც!”- განაცხადა კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.