იუსტიციის სახლის 10 ფილიალსა და 23 საზოგადოებრივ ცენტრში მუშაობა დროებით შეჩერდა

84

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის 10 ფილიალსა და 23 საზოგადოებრივ ცენტრში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია

იუსტიციის სახლის გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმის, რუსთავის, ლაგოდეხის, მესტიისა და თიანეთის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია.

ასევე დროებით არ იმუშავებს თეთრიწყაროს, მანგლისის, კოდას, შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრებიც. რაც შეეხება გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს, მან მუშობა მიმდინარე წლის 16 მარტიდან შეწყვიტა.

ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 23 მარტს გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, იუსტიციის სახლის მარნეულისა და ბოლნისის ფილიალებში, ასევე ამავე მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა საზოგადოებრივმა ცენტრმა სამუშაო პროცესი შეწყვიტა.

იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების აღნიშნული ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება, სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული. იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, აღნიშნულ ფილიალებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.

გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება სამართალდამრღვევთა მიმართ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.