თელავის მერის წარმომადგენელი: ყარაჯალაში არანაირი ღონისძიების გამართვა არ იგეგმება

406

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 500 კაციანი ღონისძიების ჩატარება იგეგმება, არ ადასტურებს ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაციით, მის ნათესავს, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებელია, დაუკავშირდნენ და სოფელ ყარაჯალაში 500 კაციანი ღონისძიების ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან ინფორმაცია პოლიციას და შესაბამის სამსახურებს უკვე მიაწოდა.

დეზინფორმაციის გავრცელებასა და გამიზნულად პანიკის გამოწვევაზე საუბრობენ სოფელ ყარაჯალაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.

მისი თქმით, სოფელში არანაირი ღონისძიების გამართვა არ იგეგმება, არსებული სიტუაციის და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ კი ადგილობრივები ინფორმირებულები არიან.

,,კარდაკარ დავდივართ და ინფორმაციას ვაწვდით მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს აქ ღონისძიების ჩატარება იგეგმება, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება მოსახლეობაში პანიკის დათესვას. ბაირამობა აქ არ იმართება და ყველა მოთხოვნას, რასაც საგანგებო მდგომარეობა მოიცავს, ყველა ადგილობრივი ითვალისწინებს. ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის აუცილებლად სამართლებრივი გზით უნდა აგოს პასუხი აღნიშნულმა პირმა. ამ საკითხით დაინტერესებულია პოლიცია და გადაადგილდება ახლაც სოფელში”, – აცხადებს სოფელ ყარაჯალაში თელავის მერის წარმომადგენელი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.