კახეთში ოჯახის ექიმებს მიეცათ მითითება, რომ ნებისმიერ საეჭვო პაციენტთან მარნეულთან კავშირი დააზუსტონ

1172

ჩვენი სამსახურის თანამშრომლებთან და ასევე პოლიციასთან ერთად შევისწავლით, თუ ვინმეს ჰქონდა კავშირი მარნეულთან, იმ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, სადაც რისკის ფაქტორი მაღალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი განმარტებით, ოჯახის ექიმებს უკვე მიეცათ მითითება, რომ ნებისმიერ საეჭვო პაციენტთან დააზუსტონ მათი კავშირი მარნეულთან და დეტალურად გამოკითხონ მოგზაურობის ისტორია.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონში საკარანტინო ზონების რაოდენობა 5-დან 6-მდე გაიზარდა, სადაც 392 მოქალაქეა მოათავსებული. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოლო 24 საათში გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქების რაოდენობაც და ახლა მათი რიცხვი 373-ს შეადგენს. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 16 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. ასევე, პრემიერის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შსს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კარანტინის პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება, ასევე, თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოს, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშოებზე პრობლემა არ შეექმნებათ. ამასთან, სუბარის თქმით, შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, რომლებიც ყველა ოჯახში შევლენ და თითოეული ადამიანს შეამოწმებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.