რუსთავში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ნაწილისთვის, საბავშვო ბაღებიდან სურსათის სახლებში გაცემის პროცესი დაიწყო

434

ქალაქის ოცდაერთივე საბავშვო ბაღში, სურსათის გაცემის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. საკვები პირველ ეტაპზე 950 ბენეფიციარს, კერძოდ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა დედებს გადაეცემათ.

“ამ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფიდან დავიწყეთ. ესენი არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახები. რაც შეეხებათ დანარჩენ ბავშვებს, ის თანხა, რომელიც მათი კვებისთვის იყო განსაზღვრული, შენახულია, არანაირი კლება არ განუცდია და როცა ეს ყველაფერი გადაივლის და სააღმზრდელო პროცესი აღდგება ბაღებში, პადაგოგებთან და მშობლებთან ერთად მოვიფიქრებთ, რა სიურპრიზი დავახვედროთ მათ ბაღებში. ახლა, ამ ეტაპზე, მთავარია გვერდში დავუდგეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს თანადგომას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მერიის ცნობით, საბავშვო ბაღებიდან გასაცემ პროდუქტს, ბენეფიციართა ნაწილს მოხალისეთა ჯგუფი სახლში მიუტანს. მოხალისე სთოფერების სერვისი, რუსთავის მერიამ გუშინდელი დღიდან აამოქმედა. ისინი, სოციალური სასადილოებით მოსარგებლე ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს და მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით გამოკვეთილ ბენეფიციარებს საკვებს და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებს, ადგილზე მიუტანენ.