ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელს კერძო პირი მოაწესრიგებს

597

ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს დაინტერესებული პირი-დიმიტრი ალავიძე მოაწესრიგებს. მას მიწისქვეშა გადასასვლელი პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით 5 წლის ვადით გადაეცემა. საკითხს მხარი დეპუტატებმა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. 

მიწისქვეშა გადასასვლელში მოეწყობა “ანდერგრაუნდ” სივრცე, მოიხატება კედლები, დამონტაჟდება კამერები. პროექტის განხორციელების შემდეგ, მოქალაქეებისთვის გადასასვლელით სარგებლობა არ შეიზღუდება და ობიექტი 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.

“ეს გადასასვლელი ქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი იყო, ვინაიდან მოჭარბებულად იყო გადასასვლელზე მგზავრთა და სატრანსპორტო ნაკადი. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქში ამ გადასასვლელის ფუნქციური დატვირთვა იყო. რაც შეეხება სხვა გადასასვლელებს, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა,”- განაცხადა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, მირზა მამასახლისმა.

პროექტის განხორციელების ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ინიციატივა, რომელსაც დაინტერესებული პირი განახორციელებს, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების კონკურსში გამარჯვებული იდეაა.