განმუხურში წყალარინების ახალ ქსელზე ოჯახების ინდივიდუალური დაერთებები სრულდება

67

საკურორტო ზონებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, წყალარინების (კანალიზაციის) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობები შენდება – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ობიექტის მშენებლობა დასრულდა ანაკლიაში. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს განმუხურის მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები, რის შემდეგაც ექსპლუატაციაში შევა ანაკლიის გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, დავით ფარცვანიასთან ერთად გაეცნო და უკვე შესრულებული სამუშაოებიც დაათვალიერა.

აღნიშნული ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და გარემოს დაბინძურების რისკებს. გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სრულად პასუხობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან “ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდის შესახებ“, რომლის მიზანია წყალარინების სფეროს განვითარება ქვეყნის მასშტაბით.