„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ

441

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. ფრაქციის წევრების მთავარი მოთხოვნაა, უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა.

ოპოზიცია ასევე ამტკიცებს, რომ დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონზე სასამართლოს გამოყენებით მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

„ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, სხდომებზე მარტო ვტოვებთ უმრავლესობას და ჰგონიათ, რომ კომფორტში ვტოვებთ, მაგრამ პირობას ვაძლევთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მივაღწევთ, რომ დაპირებული პროპორციული სისტემა მოვიპოვოთ“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა. დავით გაბაიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს უნდა სცეს პატივი.

„წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომებს არ ესწრება. ეს მათი პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ კარგი იქნება, თუ გაითავისებენ, ამით აზარალებენ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს და გაიხსენებენ, რაში იღებს დეპუტატი ხელფასს“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის პარალელურად, უმაღლესი საბჭოს შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქცია მართავენ და შენობაში შესვლას მოითხოვენ. დაცვის სამსახური მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

„უფლებაც გვაქვს და ვალდებულებაც, რომ სხდომას დავესწროთ, მაგრამ იმ მოტივით, რომ დღეს არასამუშაო დღეა და საშვების გამცემი განყოფილება ისვენებს, შენობაში არ გვიშვებენ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია, დანაპირები უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ხათუნა ბერიძემ.

უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დღეს ახალ შენობაში გაიხსნა.