ბოკერია: თუ “ოცნება” 130/20-ზე სისტემის კანონპროექტს შეიტანს პარლამენტში, მხარს დავუჭერთ და სალაპარაკოს არ დავუტოვებთ

124

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება და ნორმალიზაცია ვერ მოხდება, თუკი ორივე კომპონენტი არ დაკმაყოფილდება – ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და, მეორე მხრივ, არსებითად პროპორციული სისტემა, მაგალითად, მანდატების 130/20-ზე განაწილების პრინციპი.

თუმცა, ამასთან, დეპუტატის განმარტებით, თუკი ნორმალიზაციის გარეშე, მაგრამ მაინც შეიტანენ პარლამენტში, მაგალითად, 130/20-ის კანონპროექტს, რაც მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სწორედ ამის გამო დააპატიმრეს, მაგალითად, გიგი უგულავა, კანონპროექტს ხმას მისცემენ, რადგან “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ სალაპარაკოს იმისთვის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპოზიცია დაასუსტონ და თავს “სასაცილო მდგომარეობაში” არ ჩაიგდებენ.

“ორივე კომპონენტი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ იყოს რაიმე შეთანხმება ევროპულ საქართველოსთან, ოღონდ იმ ილეთს, თუ “ტრიუკს”, რაც უყვართ ხოლმე, რომ აი, რასაც ითხოვდნენ, იმას ხმას არ მისცემენ და გაიქცევიან მერე პარტნიორებთან და ეტყვიან, ნახე, რა უცნაური ხალხიაო, [არ ჩავატარებინებთ]. ხმას მივცემთ, რაც კარგი იქნება ქვეყნისთვის, იმას. პროპორციული არჩევნები რომ შემოიტანოს, ხმა არ უნდა მივცეთ?” – ამბობს გიგა ბოკერია.

რაც შეეხება ქართული ოცნების ახალ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რაც პარტიას, რომელიც მიიღებს 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში, უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ დამოუკიდებლად შეკრას უმრავლესობა, ბოკერია ამბობს, რომ ეს არის “ბოდვა, იაფფასიანი ვირეშმაკობა”.

“მორალურად გატეხილები არიან და ცდილობენ, რომ აქ საზოგადოების ნაწილი მოატყუონ და გარეთ პარტნიორები, რომ რაღაც ქნეს, რა თქმა უნდა, არ მივცემთ ამის საშუალებას,”- ამბობს ბოკერია.

დეპუტატის განმარტებით, ის არ მისცემს არცერთ იმ მოდელს ხმას, რომელიც არ ყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა.

“არც 110/40-ზე, არც 120/30-ზე. რაც ვთქვით, მხოლოდ იმას მივცემთ ხმას,”- ამბობს ბოკერია.

ამ ეტაპზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე აგრძელებს. ოფიციალური მოლაპარაკებების ფორმატი მაშინ შეწყდა, როცა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემაზე საუბარი განახლდა, ოპოზიციამ მოითხოვა, რომ უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერ შეძლოს ვერც ერთმა პარტიამ, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს აიღებს. ოპოზიციის განცხადებით, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე. მათი მთავარი მოთხოვნა იყო დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლებაც.

“ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ 40%-იან ბარიერზე თანახმა არიან, რადგან 50%-ზე ნაკლების აღებას არ აპირებენ.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა “მოხსნას წუხილი” იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს.