საკრებულოს დასუფთავების თანამშრომელი: 196 ლარს ვიღებთ, არავინ დაგვეხმარა… მივმართეთ ლევან ხაბეიშვილს დახმარებისთვის და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ

859

თბილისის საკრებულოსთან, სადაც ოპოზიცის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად იმიტომ დაუპირისპირდნენ საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრები, რომ რამდენიმე კვირის წინ 20-მდე დამლაგებელმა ხაბეიშვილს მათი პრობლემის შესახებ მიმართა.

საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ნანა ჯუღელი ამბობს, რომ მისი ხელფასი თვეში 196 ლარია. მისი თქმით, დამლაგებლებმა ხელფასის მომატების თხოვნით საკრებულოს ყველა სამსახურს მიმართეს, თუმცა, არავინ დაეხმარა, რის შემდეგაც დახმარება ენმ-ის წევრს, ლევან ხაბეიშვილს სთხოვეს.

“საკრებულოში ყველას მივმართეთ, ვისაც შეიძლებოდა, რომ ჩვენი სიტუაცია შეხებოდა. ყველგან ვიყავით ხელფასების მომატების მოთხოვნით. იმიტომ რომ, 196 ლარს ვიღებთ ხელზე. ეს არის აუტანელი, ძალიან დაბალი ხელფასებია. მაგრამ არავინ მოგვისმინა. ვითომ გულთან მიიტანეს, დაგვპირდნენ მომატებას. დაველოდეთ ტენდერს, რომელიც ჩატარდა. შემოვიდა კომპანია, რომელმაც ისევ დაბალი ხელფსები შემოგვთავაზა. მოვითხოვეთ, რომ სატენდერო პირობებში ჩადებულიყო მაღალი ხელფასი, როგორც ეს ხდება იუსტიციის სახლში. უარი გვითხრეს, კანონს ვარღვევთო. ამის შემდეგ 20-ვე დამლაგებელმა ქალმა მივმართეთ ლევან ხაბეიშვილს დახმარების თხოვნით. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”, – თქვა ნანა ჯუღელმა.

თბილისის საკრებულოში კომისიების სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, სცემეს.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

“ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან. ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, — ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.

“ნაცმოძრაობის” საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა.