ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი გამოაცხადა

1523

ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. სულ საუბარი 250 ძაღლს შეეხება. თუმცა, როგორც ადგილობრივი გამოცემა “ლაივპრესი” წერს, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოხდეს ცხოველთა იზოლირება ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით – ლასოთი/ბადით და მათი თავშესაფარში გადაყვანა. გამოკვლევების შემდეგ, დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე. ასევე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია და ყველა საჭირო პროცედურის შემდგომ, ძაღლების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

გარდა ამისა, ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი უნდა იყოს მისაღები სათავსოებით (საკარანტინე ზონა), მოსათავსებელი შენობით ან ვოლიერებით – განათებით, ვენტილაციით, გათბობით, საოპერაციო კაბინეტით, რისი ამსახველი ფოტომასალის წარმოდგენაც, ტენდერში მონაწილე კომპანიას მოუწევს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 ათასი ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

მიუსაფარი ძაღლები ზუგდიდისთვის წლებია პრობლემაა. მის გადასაჭრელად ქალაქში საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გაიმართა. ზუგდიდში ძაღლთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი. თავშესაფარი სოფელ ჭითაწყარში უნდა აშენდეს.