მთავრობამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია მიიღო, თუმცა, რა წერია დოკუმენტში, ჯერ უცნობია

2276

საქართველოს მთავრობამ დღეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია დაამტკიცა, თუმცა, რა წერია დოკუმენტში, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. ცოტა ხნის წინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელიც პროცესს ხელმძღვანელობდა, პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომლითაც დოკუმენტის შინაარსის ვარაუდია შესაძლებელი. საბოლოო დოკუმენტი პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ დრომდე არ უნახავთ.

პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ “შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, განისაზღვრება თვითმმართველობებზე გადასაცემი უფლებამოსილებები, დადგინდება მათი გადაცემის ვადები და ფორმები; 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი განისაზღვრება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტით; დაგეგმილია სახელმწიფო ქონების გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის და  გაიზრდება მუნიციპალიტეტების წილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებულ შემოსავლებში; გადაიხედება ადგილობრივი მოსაკრებლები; დადგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ქონების ნუსხა, გადაცემის ფორმები და ვადები; გამარტივდება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები; 2025 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე გახდება შესაბამისი მუნიციპალიტეტი”.

როგორც ვხედავთ, სტრატეგიას დაუდგენია, რომ “სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდება კვლევები”, თუ დამატებით რა უფლებამოსილებები უნდა გადაეცეთ თვითმმართველობებს. რაც შეეხება ქონებას, აქაც პრესრელიზის ფორმულირებები ბუნდოვანი, ხოლო ფრაზა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე 2025 წლის ბოლოს გახდება – შემაშფოთებელი.

პრესრელიზში არაფერია ნათქვამი, როგორ გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტების ფინანსური მდგომარეობა და გაეზრდებათ თუ არა მათ ცენტრალური ბიუჯეტისგან დამოუკიდებელი სახსრები. მაგალითად, იქცევა თუ არა საშემოსავლო გადასახადი ზიარ გადასახადად და, თუ იქცევა, როდიდან. ნიშანდობლივია ფრაზა, რომ “2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი განისაზღვრება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტით” და არა – თვითმმართველობების საკუთარი შემოსულობები, როგორც ეს სტრატეგიის პროექტის ერთ-ერთ ვერსიაში ეწერა და რაც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

გაურკვეველია, აღდგება თუ არა გათანაბრებითი ტრანსფერი და, თუ აღდგება, რა პრინციპს დაეფუძნება ის.

პრესრელიზში, ასევე, არ წერია, რამდენად მოხდა იმ შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინება, რაც თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ხელისუფლებას შესთავაზეს.

ასევე, უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ სტრატეგიასთან ერთად დაამტკიცა.

droa.ge ცდილობს, მოიპოვოს დოკუმენტი იმისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და გეგმების შესახებ მკითხველს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუმცა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებამდე დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა მთავრობამ 2018 წლის ზაფხულში დაიწყო და ის ამავე წლის ბოლოსთვის უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა, მისი მიღება მხოლოდ 2019 წლის ბოლოს მოახერხა.

გთავაზობთ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზს სრულად:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, მომზადდა 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა.

დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან ხედვას.

სტრატეგიის მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მეტი ჩართულობა,  გაზარდოს მუნიციპალიტეტების როლი საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

პროცესის მხარდაჭერის მიზნით, 2018 წლის აგვისტოში შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, მთავრობის წევრების, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის და თვითმმართველობების ასოციაციების შემადგენლობით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა  შეეძლო ყველა მსურველსა და ექსპერტს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის

საქართველოს მთავრობამ სტრატეგიის მიღებამდეც განახორციელა სტრატეგიის ძირითადი მიზნების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში, 2019 წლიდან თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი ფინანსური რესურსი დაუკავშირდა  დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამ ცვლილებით ყველა მუნიციპალიტეტს 13%-ით გაეზარდა დაფინანსება, რაც მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის პარალელურად, სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, მუშავდებოდა სამოქმედო გეგმა.

შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, განისაზღვრება თვითმმართველობებზე გადასაცემი უფლებამოსილებები, დადგინდება მათი გადაცემის ვადები და ფორმები; 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი განისაზღვრება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტით; დაგეგმილია სახელმწიფო ქონების გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის და  გაიზრდება მუნიციპალიტეტების წილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებულ შემოსავლებში; გადაიხედება ადგილობრივი მოსაკრებლები; დადგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ქონების ნუსხა, გადაცემის ფორმები და ვადები; გამარტივდება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები; 2025 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი ქონების მესაკუთრე გახდება შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი.

2013 წლის შემდეგ თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პროგრესი აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში.