მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 33 549 942 ლარს შეადგენს

839

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი საერთო თანხა შეადგენს 33 549 942 ლარს. ბიუჯეტი  24 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

“თქვენთვის ცნობილია, რომ მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აღმასრულებელი ორგანოს ერთობლივი პრინციპით შევადგინეთ 2020 წლის გეგმა და 2021, 2022 და 2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საპროგნოზო მაჩვენებელი. ამ შედეგებიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 33 549 942 ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 9 379 072 ლარით, – თქვა საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა.

2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ერთხმად დაუჭირეს მხარი “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ოპოზიცია კი წინააღმდეგი იყო.

24 დეკემბრის საკრებულოს სხდომას მშვიდად არ ჩაუვლია, რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება პარტია “ევროპული საქართველოს” წევრ აჰმედ იმამყულიევსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის. ერთ-ერთი სადაო საკითხი იყო რელიგიური კონფესიების დაფინანსება იყო. 

აჰმედ იმამკულიევი სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან არცერთი რელიგიური კონფესია არ დაფინანსებულიყო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი დაფინანსებას მაინც გადაწყვეტდა, გათვალისწინებული ყოფილიყო მარნეულში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების დაფინანსებაც.

საქმე ეხება მუნიციპალიტეტის მიერ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსებას. იმამკულიევმა სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მას, მოთხოვნის მიუხედავას, არ მიაწოდეს ჩაშლილი ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა 2018 წელს მარნეულის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის გაცემული 360 000 ლარი.

იმამკულიევის კითხვის პასუხად მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ იმ საკითხებზე აპელირება რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველაზე ფაქიზია ლამაზი არაა.

„გასაგებია რომ თქვენ და კიდევ სხვა ორგანიზაციებს ძალიან არ მოგწონთ მარნეულის ცენტრში არსებული ეკლესია და მთაზე ჯვარი. პირდაპირ სიტყვებს ვიძახი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის“, – განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ და განმარტა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული შეთანხმების (კონკორდატის) საფუძველზე ხდება.