უხარისხოდ შესრულებული 30 ინფრასტრუქტურული პროექტი, ბიუჯეტიდან დახარჯული 180 მლნ ლარი და კორუფციის ნიშნები მუნიციპალიტეტებში

1277

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

2014-2018 წლებში საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში 180 მილიონი ლარია დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან 30 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, თუმცა, მილიონების ხარჯვის მიუხედავად, ერთი პროექტიც არ არის სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულებული – ნაწილი თავიდან არის გასაკეთებელი, ნაწილი საერთოდ არ შესრულებულა, დასრულებულია მხოლოდ 8, მაგრამ ისიც არ მუშაობს.

პრობლემურ პროექტებზე, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე, სამოხელეო დანაშაულსა თუ სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბარია კვლევაში სახელწოდებით “სავარაუდო კორუფციული ფაქტები ადგილობრივ თვითმმართველობებში”, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა“ და TSpress.ge-მა “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით ჩაატარეს.

შესწავლილი რეგიონებია: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა. ჯამში ეს არის 9 რეგიონის 16 მუნიციპალიტეტის 30 ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც ბიუჯეტიდან 180 მილიონი ლარია დახარჯული.

კვლევის ავტორების თქმით, 30 პროექტიდან 8 დასრულებულია, მაგრამ არ მუშაობს; 16 დასრულდა, მაგრამ იმდენად უხარისხოა, რომ თავიდან არის გასაკეთებელი; ხოლო 6 საერთოდ არ შესრულებულა.

კვლევის მიხედვით, პროექტების შესწავლის პროცესში გამოვლენილი მთავარი პრობლემების ჩამონათვალი ასეთია: საბიუჯეტო თანხა დახარჯულია, მაგრამ პროექტი შეუსრულებელი, ან უხარისხოდ არის შესრულებული; ხშირ შემთხვევაში ტენდერი რამდენჯერმეა გამოცხადებული; სატენდერო ხელშეკრულებაში გზადაგზა ბევრი ცვლილებაა შეტანილი და გაზრდილია პროექტების ღირებულება; მიღება-ჩაბარების აქტსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობაა; სამუშაოების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი პირი, პრაქტიკულად, არ არსებობს; შეუსრულებელ სამუშაოებზე ახალი ტენდერები ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩამოერთვა და გადაეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ).

სამუშაოების შეუსრულებლობის, ან უხარისხოდ შესრულების ძირითად მიზეზებად კი სახელდება: დაგეგმვისა და პროექტირების პრობლემა; არაკეთილსინდისიერი კომპანიები; პასუხისმგებელი პირების არგამოვლენა და დაუსჯელობა; კომპეტენციის დაბალი დონე; არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები და მაკონტროლებლები; შესყიდვების სისტემის გაუმართაობა; კორუფცია პასუხისმგებელ რგოლებში – ადგილებზე და ცენტრში.

კვლევაში გამოყენებულია აუდიტის ანგარიშები და ექპერტიზის დასკვნები, ინტერვიუები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ობიექტების ფოტო/ვიდეომასალები და პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებთან ჩაწერილი ინტერვიუები.

პროექტის მენეჯერის, ელისო ჯანაშიას თქმით, პროექტების შესრულებისას ძალიან ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა. მაგალითად, ხარვეზები გამოვლინდა სატენდერო სისტემაშიც, როცა ე.წ. შავ სიაში შეტანილი კომპანიებიც მონაწილეობენ ტენდერებში იმ მიზეზით, რომ დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და მსგავსი ფაქტები იყო ზუგდიდსა და ფოთში; ასევე, არის შემთხვევა, როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების შესასრულებლად „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიას ქირაობს.

მისივე ინფორმაციით, პრობლემაა რუსული კომპანიების მონაწილეობა ტენდერებში. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ერთ პირს, მალხაზ ლომსაძეს რუსეთში რეგისტრირებული აქვს რამდენიმე კომპანია და ამ კომპანიებით სხვადასხვა ტენდერში მონაწილებს. თუ ერთი კომპანია დაიბლოკება და „შავ სიაში“ მოჰყვება, თამაშში მეორე კომპანია შემოჰყავს, იგებს ტენდერს, შემდეგ ისევ არ ასრულებს ვალდებულებას და ისევ „შავ სიაში“ ხვდება. ეს წრე კი დაუსრულებლად გრძელდება.

ელისო ჯანაშიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ეს სატენდერო სისტემა გამოესწორებინათ, წელს ყველა ტენდერი ცენტრში წამოიღეს და ტენდერები ცხადდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რამაც შეზღუდა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხი და ისინი უკვე მხოლოდ შემსრულებლებად რჩებიან.

ამასთან, ჯანაშია აცხადებს, რომ პროექტების ვერგანხორციელებასა და თანხის გაფლანგვაში ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადააქვს, რაც მიუღებელია, რადგანაც პროექტების მაკონტროლებელი სწორედ ცენტრალური ხელისუფლებაა.

დარღვევები აღმოჩნდა შემდეგ პროექტებში:

მაგალითად, კახეთში, სადაც 3 პროექტი წყლის სისტემების რეაბილიტაციას ეხებოდა. წყლის სისტემები უნდა გაკეთებულიყო საგარეჯოში, თელავი-კრდღელაურსა და ახმეტაში. სამუშაოები 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, დაიხარჯა 29,3 მილიონი ლარი, თუმცა, დღეს მოსახლეობას წყალი ისევ არ აქვს. ზოგგან მილებია ჩაყრილი, ზოგგან – ჭაბურღილია მოწყობილი, თუმცა, არცერთგან ქსელი მოწყობილი არ არის და სამუშაოები დაუსრულებელია.

ასევე, გურიაში სამი სოფლის წყალმომარაგებაზე 6 მილიონ ლარამდეა დახარჯული, თუმცა, წყლის მილები დღესაც არ არის მიერთებული და წყლით მომარაგება ისევ პრობლემაა.

3 პროექტია შესწავლილი იმერეთში: ქუთაისის თეთრი ხიდის, დევნილთა საერთო საცხოვრებლისა და შადრევნის რეაბილიტაციის. სამივე ამ პროექტში 4,7 მლნ ლარია დახარჯული და შესრულებული სამუშაოების მიმართ კითხვებია.

აჭარაში 6,8 მილიონი ლარია დახარჯული ჟილინის არხის რეკონსტრუქციაში 2014, 2015 და 2016 წლებში. ეს არხი საჭიროა იმისთვის, რომ ბათუმი არ დაიტბოროს. დახარჯული მილიონების მიუხედავად, არხში წყლის ჩამტანი კოლექტორები გაკეთებული არ არის, რის გამოც ბათუმი ყოველი წვიმის დროს ისევ იტბორება.

სამუშაოები შეჩერებულია შიდა ქართლში, სადაც 9 მილიონი ლარის ღირებულების 3 პროექტი უნდა განხორციელებულიყო – გორში სპორტის სასახლის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო ხაშურში მუსიკალური სკოლის ფასადის შეკეთება. ამ სამი პროექტიდან მუსიკალური სკოლის ფასადის პროექტი კომპანიამ დაასრულა, თუმცა, უხარისხო შეკეთების გამო, მერიამ კომპანიას უჩივლა კიდეც, საბოლოოდ კი შეთანხმება შედგა იმაზე, რომ კომპანია უხარისხო ფასადს ჩამოხსნიდა. ამ ყველაფერში კი 87 000 ლარი დახარჯა.

რაჭაში 1,9 მილიონი ლარის სამი პროექტი უნდა განხორციელებულიყო, ამბროლაურში სოფელ მუხლის გზის, ხოლო ონში ბარი-მრავალძალის გზისა და კვაშხიეთის გზის რეაბილიტაცია. სამივე გზა გაკეთებიდან მალევე ჩავარდა და დღეს ისევ თავიდანაა გასაკეთებელი.

მცხეთა-მთიანეთში 474 900 ლარია დახარჯული სამ პროექტში, მცხეთის სოფელ ბიწმენდში ჭაბურღილებისა და ავზის მოწყობაში, წყლის სისტემის დაქსელვასა და ასევე, წყლის ავზისა და სათავე ნაგებობის დაკავშირებაში. სამივე პროექტი პრობლემურია.

სამეგრელოში შესწავლილია 6 პროექტი, 3 ზუგდიდში და 3 – ფოთში. ზუგდიდში კანალიზაციის, ყინულის მოედნისა და სტადიონის პროექტებზე 101 მილიონია დახარჯული, სამივე უკვე ჩაბარებული უნდა იყოს, თუმცა, მათი დასრულების დრო ჯერ ისევ უცნობია. უფრო მეტიც, ყინულის მოედანი საერთოდ აიღეს, სტადიონის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოწერილია, მაგრამ ტენდერი ისევ ხელახლაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ფოთს, კანალიზაციის, მალთაყვის ბულვარისა და სტადიონის პროექტებზე დახარჯულია 18,3 მილიონი ლარი და სამუშაოები შესრულებულ არ არის. მალთაყვის ბულვარის რეაბილიტაციის საქმეზე დაკავებულია ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი მერი.

ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელი ვალდებულები, პროექტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა, სამოხელეო დანაშაული და სავარაუდო კორუფციული გარიგებები, ჯერი კი უკვე პროკურატურაზეა – ამ საქმეებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.