თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს უჩივის

252

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც ამავე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით უჩივის.

აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, თოდაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განცხადებით მიმართა თამთა თოდაძემ მისი მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით. კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2019 წლის 17 ოქტომბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში სტუმრობისას ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მიერ გავრცელდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ინფორმაცია ორ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც განმცხადებელი წარმოადგენდა დაზარალებულ მხარეს.

განმცხადებელი უთითებს, რომ მისი ინფორმაციით მითითებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი არ ახორციელებდა მხარეთა უფლებების დაცვას, რის გამოც მისთვის გაურკვეველია, რა საფუძვლით და რა გზით მოიპოვა ადვოკატმა აღნიშნული ინფორმაცია და რა მიზნით გაასაჯაროვა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის მიერ მარიამ კუბლაშვილისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

“გუშინ ჩამბარდა პერსონალური ინსპექციის სამსახურში თამთა თოდაძის მიერ შეტანილი საჩივარი. საჩივარი პირადად ჩემი მისამართითაა, რომ თითქოს, მე თამთა თოდაძის პერსონალური ინფორმაცია გავაჟღერე სხვა სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირების შესახებ. ეს ინფორმაცია ჩემგან არ წამოსულა, თავად გადაცემის წამყვანისგან გაჟღერდა, თუმცა თამთა თოდაძე მე მიჩივის, ჩემ სახელზე შეიტანა საჩივარი და აცხადებს, რომ არაკანონიერად გავაჟერე მისი პერსონალური ინფორმაცია. ის არის ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანი ჩივილში. ძალიან კარგად ეხერხება, როგორ წარმოაჩინოს მსხვერპლის როლში საკუთარი თავი, როგორ მოიპოვოს საზოგადოების კეთილგანწყობა”, – აცხადებს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.