საჯარო მოხელეთა 80% საკუთარი საქმიანობით ამაყობს, თუმცა, მათ მიმართ მოსახლეობის ნდობა შემცირებულია

1345

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო სერვისების ხარისხს დადებითად აფასებენ, თუმცა, კვლევაში აისახა უარყოფითი ტენდენციებიც, რომლებიც საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოებისა და თავად  საჯარო მოხელეების დამოკიდებულებაში შეინიშნება და საჯარო სამსახურის პოლიტიზირებას და მოხელეთა შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

2016 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევები მოქალაქეთა და საჯარო მოხელეთა გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. როგორც 2016, ასევე, 2019 წელს კვლევის ფარგლებში 2 400 მოქალაქე გამოიკითხა. 2016 წელს კვლევაში მონაწილეობა 831-მა საჯარო მოხელემ მიიღო, ხოლო 2019 წელს – 571-მა საჯარო მოხელემ. გამოკითხვასთან ერთად კვლევაში გამოყენებული იყო ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების მეთოდები. 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ კვლავ მაღალი, 67%-ია, თუმცა 2016 წელთან შედარებით 4%-იანი კლება შეინიშნება. საჯარო მოხელეთა 80% ამაყობს თავისი საქმიანობით და ეს მონაცემი 2016 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა. საჯარო მოხელეები დადებითად აფასებენ საჯარო მმართველობის ინსტიტუციურ რეფორმებს, მათ შორის, მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის ხელშეწყობით განხორციელდა. 

მეორეს მხრივ, კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე შემცირდა საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის მიმართ.

მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც 2016 წელს 74%-ს შეადგენდა და მიიჩნევდნენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ 2019 წელს 58%-მდე შემცირდა. ხოლო გამოკითხულ მოქალაქეთა რაოდენობამ (2016 წელს 34%), რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური დაკვეთითაა განპირობებული 2019 წელს 56%-მდე გაიზარდა.

ამავდროულად იკლო იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობამ, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება – 67% 2016 წელს, 59% 2019 წელს. ხოლო გამოკითხულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ, 50%-დან 41%-მდე შემცირდა.

“მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურის რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენლებია“, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

“ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმა საკმაოდ წარმატებულია რიგ მიმართულებებში, თუმცა გარკვეულ საკითხებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ამ ტენდეციების ფონზე ორმაგი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ საჯარო მმართველობა საიმედოდ იყოს დაცული პოლიტიკური წნეხისგან“, – განაცხადა ვინტონმა.

“კვლევის შედეგები ნათლად გვაჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის რეფორმა. საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ დემოკრატიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კვლევის შედეგები გვაძლევს მთლიანობაში პოზიტიურ სურათს, მაგრამ ასევე მიუთითებს იმ სფეროებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. გაერთიანებული სამეფო, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, მზადაა კვლავაც შეუწყოს ხელი საქართველოს ძალისხმევას ძლიერი, პროფესიული და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის მშენებლობის საქმეში“, – აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით და ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა  ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში. 

კვლევის რაოდენობრივი მონაცემები ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებ-გვერდზე, ხოლო ანალიტიკური ანგარიში მოგვიანებით, დეკემბერში გამოქვეყნდება. 

2016 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევა „საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. 2016“ ასევე ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებ-გვერდზე.