რუსთავში კოსტავას გამზირზე გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

58

რუსთავში, კოსტავას გამზირზე შენობების ფასადების აღდგენის პარალელურად, გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. საავტომობილო გზაზე კომპანია ,,რუსთავის წყალი“, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოებს აწარმოებს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემური ჯანელიძე გაეცნენ.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულებისთანავე, კოსტავას გამზირზე გზის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება, ამასთანავე მოეწყობა ტროტუარები, ველობილიკები, გზის შუაგამყოფ ზოლზე სკვერი და გარეგანათების ახალი სისტემა.

,,საკმაოდ რთული პროცესი იყო ფასადების რეაბილიტაცია, გამომდინარე იქედან, რომ რამდენჯერმე მოუწია ამ პროექტს გადაკეთება. ძალიან რთულია აღადგინო და მიიყვანო სასურველ კონდინციამდე რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებული შენობების ფასადები, თუმცა ვფიქრობ, რომ ნორმალურად მიმდინარეობს ეს პროცესი. გარკევეული ეკონომიების ხარჯზე, მოსახლეობას შენობების წინა ფასადებზე კარ-ფანჯრებიც შევუცვალეთ. დღეს, ჩვენ გადავედით სამუშაოების მეორე ფაზაზე, რაც ითვალისწინებს დაახლოებით 600 მეტრი სიგრძის წყლის მილის შეცვლას, მთლიანად შეიცვლება წყალადენის სისტემა, მოხდება გზის საფარის თავიდან ბოლომდე რეაბილიტაცია, ტროტუარებისა და ველობილიკების მოწყობა, ასევე არსებულ შუაგამყოფ ზოლში სკვერის მშენებლობა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, კოსტავას გამზირი სრულიად ახალ იერსახეს შეიძენს.

,,კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვის თანხების მობილიზება წელსვე მოხდა, ეს დაახლოებით მილიონი ლარია, მომავალ წელს ველოდებით დაფინანსებას დაახლოებით 2 მილიონ ლარს. კოსტავას გამზირის სრულ რეაბილიტაციას კი დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება. რაც შეეხება ,,რუსთავის წყლის“ მიერ შესასრულებელ სამუშაოს, ამას კომპანია თავიდან ბოლომდე საკუთარი სახსრებით აკეთებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. პროექტის პირველი ეტაპი შენობების ფასადების სრულ აღდგენას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი გზის საფარის მოწესრიგებას, ტროტუარების, ველობილიკის მოწყობას და შუაგამყოფ ზოლში სკვერის განახლებას.