გურჯაანში დიდების მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება

25

გურჯაანში დიდების მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

,,გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების” მუზეუმების კურატორის, ეკატერინე ბეროშვილის თქმით, მათი ინიციატივით დაგეგმილია მუზეუმის განახლება, რისთვისაც ფინანსური სახსრების მოძიების კუთხით აქტიურად მუშაობენ.

,,ვცდილობთ უფრო მეტად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა, სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ დამთვალიერებელს, ამისათვის გაერთიანება აქტიურად მუშაობს. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება სხვადასხვა პროექტს ამუშავებს.

მაგალითად ტურისტების რიცხვის გასაზრდელად მემორიალური მუზეუმის განახლებას ვაპირებთ. უკვე გვაქვს ამისი პროექტიც. ცოტა დაფინანსება გვჭირდება ამისთვის და ამის გზებსაც ვიძიებთ. გარდა იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის თემაზეა მთლიანი კომპლექსი, გვინდა დავამატოთ სხვა ომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართელომ გადაიტანა”,- განუცხადა knews.ge-ს ეკატერინე ბეროშვილმა.

მემორიალური მუზეუმის მენეჯერი მანანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ მუზეუმს უცხოელი ტურისტები ხშირად სტუმრობენ, თუმცა მათი რიცხვის გასაზრდელად აუცილებელია მუზეუმის რეაბილიტაცია და ტურისტულ მარშრუტში ჩასმა.

,,დიდების მემორიალური მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გვაქვს ომის თემაზე ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები. აქ დაცულია ასევე ფრონტიდან გამოგზავნილი წერილები, ჯარისკაცის დღიური, მედლები და სხვა.

მუზეუმს უპირველეს ყოვლისა სჭირდება რეაბილიტაცია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებაც გვპირდება. რეაბილიტაციისას ვფიქრობ სივრცე უნდა დაეთმოს თანამედროვე ომების თემას, ეს დააინტერესებთ ტურისტებს. ასევე რეკლამა და მუზეუმის მარშრუტში ჩასმაა საჭირო”, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას მარინა ბიბილაშვილმა.