ბულვარი, „ჭკვიანი სივრცე“ და „ახალი მზიური“ – რა იდეები აქვთ სურამელ ახალგაზრდებს დაბის განსავითარებლად

4780

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ავტორი ეკატერინე ბასილაია

ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვისპროექტში ჩართული დაბა სურამის 3 გუნდის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. შემდეგ ნაბიჯი არჩევნებია. 3 ნოემბერს სურამის კულტურის სახლში ჩატარდება კენჭისყრა, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა აირჩევს სამი პროექტიდან საუკეთესოს. გამარჯვებული იდეის განხორციელების პირობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო დებს.

პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს განვითარებისთვის, თავად ჩაერთონ პროცესში და შეიტანონ წვლილი ამ განვითარებაში.

რა იდეები და ინიციატივები აქვთ სურამელ ახალგაზრდებს? როგორ წარმოუდგენიათ მათ დაბის მომავალი და რას სთავაზობენ ისინი თანადაბელებს? თავდაპირველად, პროექტში 5 გუნდი დარეგისტრირდა, თუმცა, შემდეგ ეტაპზე მხოლოდ სამი მათგანი გადავიდა. შესაბამისად, 3 ნოემბერს გასამართ კენჭისყრაზე სურამელებს არჩევნის გაკეთება მათ მიერ წარმოდგენილი სამი პროექტიდან მოუწევთ.

ბულვარი სურამის ახალი სიცოცხლე

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებმა წარადგინეს, სურამში ბულვარის მოწყობას ითვალისწინებს. მისი ავტორები დაბაში მცხოვრები ახალგაზრდები – მარიამ ბარბაქაძე, თამარ კიკნაძე და საბა ბარბაქაძე არიან.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ბულვარის მოწყობა სურამის რკინიგზის მიტოვებულ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. იყო დრო, როდესაც ხაშურიდან სურამში მატარებელი დადიოდა, თუმცა, უკვე ათწლეულებია, რკინიგზა გაუქმებულია, მატარებელი აღარ დადის, შენობები უპატრონობისგან ნელ-ნელა ინგრევა და ნადგურდება, ტერიტორია კი დაბინძურებული და გასაწმენდია.

ეს ტერიტორია დღემდე საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა მის მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებს, საქართველოს რკინიგზას კი ამ უნიკალურ კურორტზე არსებული თავისი ქონება უპატრონოდ აქვს მიგდებული.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ბულვარის მოწყობით სურამი, ურბანული განვითარების კუთხით, უსაფრთხო, მიმზიდველ, შშმ პირებისთვის ადაპტირებულ, გასართობ, შემეცნებით და დასასვენებელ სივრცეს მიიღებს.

როგორც გუნდის წევრები აცხადებენ, სურამში პრობლემაა ის, რომ ზაფხულობით ჩამოდის ბევრი დამსვენებელი, თუმცა, დაბაში არ არის შესაბამისი სივრცე, სადაც ადამიანები კომფორტულად დაისვენებენ, გაერთობიან და ბავშვებს გაასეირნებენ. ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად პარკია მოწყობილი, არ არის ტროტუარები. ფეხითა და ავტომობილით მოსიარულეები ერთ გზაზე დადიან, რაც ხელს უშლის მათ გადაადგილებას. პრობლემაა ისიც, რომ რკინიგზის ტერიტორია არის გადაქცეული ნაგავსაყრელად, რაც აბინძურებს სურამის უნიკალურ ჰავას. ამიტომაც, ამ პროექტის მიზანია, გამოუყენებელი და ნაგვად ქცეული ტერიტორიის განახლება და მისი გამოყენება სურამის განვითარების ხელშესაწყობად.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, ღია და დახურული კინოთეატრები,  ბიბლიოთეკა, ბავშვთა გასართობი სივრცეები უნდა მოეწყოს, განახლდეს არსებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დღემდე შემორჩენილი შენობებიც, რომლებსაც სიძველე შეუნარჩუნდება, თუმცა, ახალი ფუნქციით დაიტვირთება. სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა გახდეს.

გუნდის წევრების თქმით, მათი პროექტი ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეიწყობს ხელს. სასეირნო ბულვარი გახდება ცენტრალური ქუჩა  და ის იქნება დამაკავშირებელი ხიდი სურამის ყველა ღირშესანიშნაობასთან. შესაძლებელი იქნება ბულვარის ტერიტორიაზე ფესტივალების, გამოფენა-გაყიდვების და სხვა ღონისძიებების მოწყობა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს კი შესაძლებლობა ექნებათ, იჯარით აიღონ ბულვარის მიმდებარე  ტერიტორია და განავითარონ თავიანთი მცირე ბიზნესი.

ახალგაზრდების გათვლებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონი ლარია.

ჭკვიანი სივრცე“ – სურამი

კიდევ ერთი იდეა, რომელიც სურამელ ახალგაზრდებს – მერაბ არევაძეს, ნინო ხაჩიძეს და სულხან ტაბატაძეს აქვთ, დაბაში მულტიფუნქციური სივრცის გაჩენას გულისხმობს.

გუნდის წევრების თქმით, სურამს, რომელიც საკურორტო ზონაა, ჯერჯერობით არ აქვს განვითარების გაწერილი სტრატეგია, დაბის კეთილმოწყობა მიმდინარეობს ქაოტურად, მოსაწესრიგებელია ტურისტული ინფრასტრუქტურა და დაბაში სხვადასხვა დატვირთვისა და ფუნქციის მქონე სივრცეების დეფიციტია, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კულტურულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით მონაწილეობას, ასევე არ არის მიზნობრივად ფორმირებული ნეიტრალური სივრცეები, რომელიც სამოქალაქო გაერთიანებისა და გააქტიურების მაპროვოცირებელი პლატფორმა იქნება.

ახალგაზრდების თქმით, „ჭკვიანი სივრცე“ გულისხმობს დაბის ცენტრში, საბავშვო ბაღისა და სტადიონის მიმდებარედ არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური, ეკოლოგიური სტანდარტის მქონე, უფასო და  შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის გაჩენას, რომელიც აღჭურვილი იქნება ძირითადად  მზის ენერგიაზე მომუშავე  რესურსებით. სივრცე იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის მოძრავი ვიტრაჟებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება სივრცის გაზრდა-დაპატარავება და გათვლილი იქნება 30-40 ადამიანზე.

შენობა აღჭურვილი იქნება ელექტროენერგიით, ინტერნეტით და ეკოენერგიაზე მომუშავე გათბობის სისტემით. სივრცეში განთავსებული იქნება სამუშაო და შეხვედრის ფორმატისთვის საჭირო აუცილებელი ინფრასტრუქტურა, მაგიდები, სკამები, პროექტორი, ღონისძიებების დაანონსების დაფა და ა.შ. ასევე, განთავსდება ბიბლიოთეკაც. გარე სივრცეს კი ექნება დასასვენებელი სკვერის ფუნქცია, სადაც დაიდგმება მაგიდები და სკამები.

ახალგაზრდების გათვლით, პროექტის ღირებულება 67 909 ლარია.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ „ჭკვიანი სივრცის“ შექმნა მოაწესრიგებს სურამის ესთეტიურ სახეს და შექმნის ახალ, მიმზიდველ და საინტერესო ადგილს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოქალაქეების ერთმანეთთან დაახლოებას, თემის განვითარებისთვის საჭირო იდეებისა და ინიციატივების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივ ჩართულობასა და მონაწილეობას;

ტერიტორია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გამოაცხადოს ტენდერი და გამოავლინოს კომპანია, რომელიც „ჭკვიანი სივრცის“ მოწყობას უზრუნველყოფს, როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე.

„აღნიშნული ტერიტორია არ საჭიროებს განსაკუთრებული სახის რეაბილიტაციას და იქ თავისუფლად არის შესაძლებელი „ჭკვიანი სივრცის“ განთავსება“, – ამბობენ ახალგაზრდები.

ახალი მზიური

კიდევ ერთი პროექტი, რომლის ავტორებიც ანა ბარბაქაძე, მარიამ კიკნაძე და მარიამ ბარბაქაძე არიან, სურამში, „მზიურის“ ტერიტორიის განახლებას გულისხმობს.

აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკუთრებაშია, ამიტომაც მას ადგილობრივი თვითმმართველობა – ვერ, სამინისტრო კი არ პატრონობს.

„ახალი მზიური“ გულისხმობს მზიურის ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 5700 კვ.მ-ზეა განთავსებული, რეკრეაციული ზონის ინფრასტრუქტურულად გამართვას, ტერიტორიაზე კალათბურთის მოედნის, ტრენაჟორებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სკვერის მოწყობით. დასასვენებელი სივრცე შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

გუნდის წევრების თქმით, სურამის ჰავა და კლიმატი შესაფერისია ბავშვთა და მოზარდთა სუნთქვის სისტემათა დაავადებების სამკურნალოდ, რის გამოც უახლოეს წარსულში სურამი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი იყო, თუმცა, დღესდღეობით, ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, სურამის ტურისტული პოტენციალი ვერ პროგრესირებს.

„სურამის ტერიტორიაზე არ არსებობს ერთიანი ტურისტულ-რეკრეაციული და გასართობი სივრცე, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებზე და სადაც ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს თავისუფალი დროის საკუთარი ინტერესისამებრ გატარებას. არ არსებობს საშუალება, მცირეწლოვანი ბავშვები წაიყვანონ ერთიან, უსაფრთხო და სატრანსპორტო საშუალებებისგან იზოლირებულ გარემოში“, – ამბობენ ახალგაზრდები.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მსგავსი სივრცის არსებობის საჭიროება მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვითაც გამოიკვეთა და სწორედ აქიდან გაჩნდა მზიურის ტერიტორიის მოწყობა-განახლების იდეა. მათი გათვლებით, პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარია.

პროექტის თანახმად, თავდაპირველად, უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, უნდა აღდგეს გალავანი და შეიცვალოს ჭიშკარი. უშუალოდ მზიურის ეზოს მოსაწყობად კი საჭიროა პარკში ჩასასვლელი კიბისა და პანდუსის მოწყობა. უნდა მოეწყოს, ასევე, საფეხმავლო ბილიკები, დაიდგას საბავშვო, მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ატრაქციონები, დაიკიდოს ჰამაკები, განთავსდეს სკამები და მაგიდები, დამონტაჟდეს გარეგანათება.

ახალგაზრდების პროექტის თანახმად, ასევე, შესაძლებელია ტერიტორიაზე კალათბურთის მოედნისა და ტრენაჟორების მოწყობა.

„ტერიტორია იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები: ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები, შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები, flea market-ი, საქველმოქმედო აქციები და ა.შ. ასევე, ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობების ათვისება სხვადასხვა კომერციული საქმიანობის მიზნით უფრო მრავალფუნქციურს გახდის მზიურის პარკს. შესაძლოა საცურაო აუზის, საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-ბარების მოწყობა“, – ფიქრობენ პროექტის ავტორები.

მათი თქმით, ეს სივრცე გახდება სურამელი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, რაც ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას და განტვირთვას. ასევე ტურისტებისთვის მეტად კომფორტული გახდება სურამში დასვენება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი მომგებიანი გახდება კომერციული საქმიანობა როგორც სავაჭრო, ისე მომსახურების სფეროში.

რომელ პროექტს აირჩევენ სურამელები, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 3 ნოემბერს სურამის კულტურის სახლში დაბის მცხოვრებლებს სასურველი პროექტის მხარდაჭერა კენჭისყრაში მონაწილეობით შეუძლიათ. ახლა სწორედ მათზეა დამოკიდებული, რომელი პროექტი განხორციელდება საკურორტო დაბაში, რომელსაც განვითარება და ახალი სივრცეები ძალიან სჭირდება.