შეზღუდული საარჩევნო უფლება – გორის საოლქომ საინიციატივო ჯგუფებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა

2209

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა, რომლებმაც გორში მერისა და გამგებლის დამოუკიდებელი კანდიდატების წარსადგენად გორის საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის მიმართეს, წერილი მიიღეს – საოლქო იტყობინება, რომ საინიციატივო ჯგუფებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ეს იმას ნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფები ქალაქ გორსა და გორის თემის მუნიციპალიტეტში მერისა და გამგებლის დამოუკიდებელ კანდიდატებს ვერ დაარეგისტრირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო თვითმმართველი ქალაქის – გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ, დადგენილება ძალაში ჯერ არ შესულა. აქედან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე ოლქები კვლავ ცალ-ცალკე შექმნა. სწორედ ამის გამო, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც ქალაქისა და თემის გაერთიანების წინააღმდეგი არიან, ქალაქ გორისა და გორის სათემო მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქებში კანდიდატების წარსადგენად რეგისტრაციის გავლა სურდათ.

საარჩევნო ადმინისტრაციის დილემაც სწორედ ეს არის – როგორ დაარეგისტრიროს კანდიდატები იმ ქალაქსა და თემში, რომელებიც არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს გაუქმდება?! ამიტომაც გამოსავალი მარტივია – საინიციატივო ჯგუფებს რეგისტრაციაზე უარი უთხრას!

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფებს მისწერა, რომ, არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე, მათ რეგისტრაციაში ვერ გაატარებს. მას არგუმენტად “საარჩევნო კოდექსის” 116-ე მუხლი მოჰყავს, სადაც წერია, რომ “კანდიდატად წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები”.

აქვე, საოლქო კომისია კოდექსის 133-ე მუხლის მე-2 პუნქტსაც იშველიებს, სადაც წერია: “ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგანციით, შესაბამისად, საკრებულოს, მერის, გამგებლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა”.

droa.ge-სთან საუბარში საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ, რადგან 116-ე მუხლით, საინიციატივო ჯგუფებმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ და რადგან არჩევნების კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი აცხადებს, მას დღეს არ შეუძლია, გამოითვალოს, კენჭისყრამდე 57-ე დღე რომელია. ამიტომაც საინიციატივო ჯგუფები რეგისტრაციაში არ გაატარა.

თუმცა, რატომღაც, საოლქო კომისიის თავმჯდომარე 133-ე მუხლის პირველ პუნქტს ისე ახტება და მხოლოდ მეორეს კითხულობს, თითქოს პირველი პუნქტი “საარჩევნო კოდექსის” ამავე მუხლის ნაწილი არ არის. კოდექსის ამავე მუხლის პირველი პუნქტი კი განმარტავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში”.

გარდა “საარჩევნო კოდექსისა”, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” გარდამავალ დებულებებშიც წერია, რომ “2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში”.

ანუ, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები, ამას “საარჩევნო კოდექსიც” და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიც” ცალსახად ამბობს და მხოლოდ კონკრეტულ თარიღს აცხადებს პრემიერის კონტრასიგნაციით პრეზიდენტი.

გარდა ამისა, თუ “საარჩევნო კოდექსი” საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისთვის მაქსიმალურ ვადად კენჭისყრამდე 57-ე დღეს ადგენს, რომლის შემდეგაც მათ რეგისტრაციის გავლა აღარ შეუძლიათ, იგივე კოდექსი არ ადგენს ზედა ზღვარს – ანუ როდიდან შეუძლია საინიციატივო ჯგუფს, საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის მიმართოს. და, თუ ასეთი დათქმა კოდექსში არ არსებობს, ის, ბუნებრივია, ვერც სამართლებრივი ნორმა და, შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იქნება.

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ გორის საოლქო კომისიას, კოდექსის იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელსაც თავადვე მიუთითებს, მარტივად შეეძლო გამოეთვალა, ირღვევა თუ არა “არაუგვიანესი 57-ე დღის” ნორმა. “ფაქტია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში. ამას ამბობს “საარჩევნო კოდექსი”. საოლქო კომისიას შეეძლო, მარტივად გამოეთვალა, იყო თუ არა გუშინ, ანუ განცხადებით მიმართვის დღეს, კენჭისყრამდე დარჩენილი 57-ე დღე. ფაქტია, რომ ეს ვადა ამოწურული არ არის. რადგან კოდექსი არ ადგენს ზედა ზღვარს, თუ როდიდან უნდა მიმართოს საინიციატივო ჯგუფმა საოლქო კომისიას რეგისტრაციისთვის, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო, ის რეგისტრაციაში გაეტარებინა,” – ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებით კანონი დაარღვია.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი საოლქოს თავმჯდომარის მიერ საინიციატივო ჯგუფებისათვის გაგზავნილ წერილში – მირუაშვილი უთითებს, რომ, რადგან არჩევნების თარიღი გამოცხადებული ჯერ არ არის, არ დაწყებულა საარჩევნო პროცედურებიც, ამიტომაც რეგისტრაციაში საინიციატივო ჯგუფს ვერ გაატარებს.

უცნაურია, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დრომდე საარჩევნო პროცედურები დაწყებული არ არის, რადგან სწორედ ამ პერიოდში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა საარჩევნო ოლქები, რეგისტრაციაში გაატარა, მაგალითად, “ევროპელი დემოკრატები”, თავად საოლქო კომისიამ, რომელსაც მირუაშვილი ხელმძღვანელობს, უკვე შექმნა საარჩევნო უბნები და ა.შ.

ცხადია, კომისიის თავმჯდომარემ იცის, რომ “საარჩევნო პროცედურები” მხოლოდ არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურები არ არის, ამიტომაც droa.ge-ს კითხვამ, მთელი ეს პროცესი ნიშნავს თუ არა იმას, რომ პროცედურები დაწყებულია, გააღიზიანა და ცესკოსკენ მიგვითითა, გვეკითხა, რატომ დაიწყო მან საარჩევნო პროცედურების განხორციელება.

“ფაქტია, რომ არჩევნებისთვის უზრუნველყოფის პროცედურები დაწყებულია და გადაწყვეტილებებიც მიიღება. საოლქო საარჩევნო კომისიის უარი დამოუკიდებელ კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებით, პირდაპირ და უშუალო ზიანს გვაყენებს, ვინაიდან ირღვევა არჩევნების სამართლიანობის პრინციპი და გვეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება,” – აცხადებენ თამარ თედლიაშვილი და მიშა ჩიტაძე, რომლებიც ქალაქ გორსა და გორის თემში დამოუკიდებელ კანდიდატებად დარეგისტრირებას, საოლქოს გადაწყვეტილების გამო, ვეღარ შეძლებენ.

თუმცა, არც თავად და არც მათი საინიციატივო ჯგუფები დანებებას, როგორც ჩანს, არ აპირებენ – ქალაქ გორის საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატის წარსადგენად შექმნილმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივარი დღეს უკვე გაუგზავნა. იგივეს გეგმავს ხვალ გორის თემის გამგებლობის კანდიდატის წარსადგენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფიც. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, გადაწყვეტილება 1 დღეში უნდა მიიღოს.

მიიღებს თუ არა ცესკო საოლქოს ანალოგიურ გადაწყვეტილებას და შეუზღუდავს თუ არა საინიციატივო ჯგუფებსა და მათ კანდიდატებს პასიურ საარჩვენო უფლებას, ამას ზუსტად 1 დღეში გავიგებთ. ცესკოსაც, საოლქოს მსგავსად, კომიკური დილემა აქვს – დაარეგისტრიროს თუ არა კანდიდატები იმ ქალაქსა და თემში, რომელიც არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს უნდა გაუქმდეს. დილემის წინაშე კი ცესკო, ისევე, როგორც ქვეყანა, ხელისუფლებამ დააყენა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.