გასაუქმებელ გორსა და გორის თემში კანდიდატების წარსადგენად საინიციატივო ჯგუფები რეგისტრაციაში გატარებას ითხოვენ

903

გორის საოლქო კომისიას ქალაქ გორისა და გორის სათემო მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა მერისა და გამგებლის დამოუკიდებელი კანდიდატების წარსადგენად რეგისტრაციისთვის მიმართეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო თვითმმართველი ქალაქის – გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ, დადგენილება ძალაში ჯერ არ შესულა. აქედან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე ოლქები ცალ-ცალკე შექმნა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის განკარგულებით, შეიქმნა N32.01. – ქალაქ გორის საარჩევნო ოლქი და მის საზღვრად დადგინდა თვითმმართველი ქალაქის – გორის ადმინისტრაციული საზღვრები. ცესკოს ამავე განკარგულებით შეიქმნა N32 გორის საარჩევნო ოლქი და მის საზღვრად დადგინდა თვითმმართველი თემის – გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები.

“მოქალაქეებმა, რომლებიც არ ვეთანხმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქ გორისა და გორის სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ კონსტიტუციით და „საარჩევნო კოდექსით“ მონიჭებული შესაძლებლობა და ქალაქისა და თემის საზღვრებში შექმნილ ოლქებში დამოუკიდებელი კანდიდატების წარსადგენად რეგისტრაცია გავიაროთ. დადგენილება ამ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ ამოქმედებული ჯერ არ არის, ამიტომ საოლქო კომისიას არ აქვს უფლება, რეგისტრაციაზე უარი გვითხრას. იმედი გვაქვს, კომისია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და რეგისტრაციაში გაგვატარებს,” – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

საინიციატივო ჯგუფები საოლქო კომისიას სთხოვენ, გარდა რეგისტრაციაში გატარებისა, ამომრჩეველთა მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვებისა და წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის – 1%-ის განსასაზღვრად, კომისიამ მათ აცნობოს ქალაქ გორისა და გორის თემის საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა.

საინიციატივო ჯგუფები ქალაქ გორის მერობის კანდიდატად გორის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ჩიტაძის, ხოლო გორის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად გორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ თედლიაშვილის წარდგენას გეგმავენ.