თვითმმართველი ქალაქების აღდგენა და ორდონიანი თვითმმართველობა – გახდება თუ არა ეს ოპოზიციის ერთი-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება

1923

ავტორი ეკატერინე ბასილაია

თვითმმართველი ქალაქების აღდგენა და თვითმმართველობებისთვის დიდი უფლებამოსილებების გადაცემაზე დაპირებები, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის საკითხი გახდეს, რისი შესრულების ვალდებულებასაც პროდასავლური ოპოზიციის დიდი ნაწილი აიღებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ცვლილებას შეძლებენ.  

ამ თემის გააქტიურებას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გეგმავს და “ფეისბუქიდან” ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთობლივად აიღონ ვალდებულება, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის აღადგენენ თვითმმართველ ქალაქებს და სხვა ქალაქებსაც მიანიჭებენ თვითმმართველის სტატუსს.

“სირცხვილიას” თელავის აქციამ შემახსენა. 2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ ვივალდებულოთ დემოკრატიულმა პარტიებმა, რომ 2021-ის თვითმმართველობის არჩევნებისთვის აღვადგენთ თვითმმართველ ქალაქებს სამხარეო ცენტრებში და თვითმმართველობას შევქმნით ბევრ სხვა ქალაქში.

მასშტაბური, ორდონიანი თვითმმართველობის რეფორმის მზაობის შემთხვევაში კი რესპუბლიკელები პარტნიორ/კონკურენტ პარტიებს შემოგთავაზებთ ექსპერტ კოკა კიღურაძის დახმარებით შექმნილ დეტალურ კონცეფციას… დარწმუნებული ვარ, ამ სფეროს სპეციალისტები ჩაერთვებიან კანონთა პაკეტის მომზადებაში”, – წერს ბერძენიშვილი.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ თვითმმართველი ქალაქების აღდგენაზე ვალდებულების აღებას მიესალმებიან და ამ თემის გააქტიურებისთვის მზადყოფნასაც გამოთქვამენ. რაც შეეხება ორდონიანი თვითმმართველობის რეფორმას, აცხადებენ, რომ ეს სადისკუსიო და განსახილველი საკითხია.

“რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი droa.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ შეთავაზება ეკუთვნოდა ყველა პროდასავლურ პარტიას და ახლა დაელოდება, რა გამოხმაურებები მოჰყვება მის ამ წინადადებას.

“ჩვენ არ გვინდა, რომ ამას მივცეთ ისეთი სახე, რომ აი, “რესპუბლიკური პარტია” ბრიფინგით, ტელევიზიებით მოუწოდებს და დანარჩენები უნდა დაგვეთანხმონ. არ გვაქვს პრეტენზია მაინცდამაინც ინიციატორობაზე. შეთავაზება ორნაწილიანია. ერთი ნაწილი მარტივია, რასაც ჩვენ 2013 წელს მივაღწიეთ პარლამენტში და სამხარეო ცენტრებში მაინც გავაჩინეთ თვითმმართველი ქალაქები, რომელიც შემდეგ, როგორც კი ჩვენგან გათავისუფლდა ივანიშვილი და მისი ამალა, ეს უკან წაიღეს, გვინდა, რომ მინიმუმ ეს მაინც აღვადგინოთ და პლუს, არის ბევრი ქალაქი, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და რაც შეიძლება მაღალი პირველი დონის თვითმმართველობა მათთვის იქნებოდა სასარგებლო. მეორე არის უფრო მასშტაბური მიდგომა. ვიცი, რომ ჩემს “ფეისბუკს” კითხულობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები, გამოხმაურებებს დაველოდები. დრო გვაქვს. ვვარაუდობ, რომ პოზიტიური გამოხმაურებები იქნება. პირველზე უფრო ადვილი იქნება თანხმობის მიღწევა, მეორეს რაც შეეხება, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხზე პარტიებს დაველაპარაკებით. ეს არ არის ერთჯერადი განცხადება, საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენთვის ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი, აქტუალური თემა. ჯერ პროცესის ტორპედირებაც არ მინდა”, – ამბობს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ორდონიანი თვითმმართველობა არის „რესპუბლიკური პარტიის“ პრიორიტეტი.

“ასე რომ, ვისაც ჩვენ დაველაპარაკებით, არ იქნება, რომ თუ გინდათ “ჰო, კარგი” და თუ არა – “არა უშავს”. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი პარტნიორობის მოსურნეთათვის ეს იყოს მისაღები… ეს არ არის ულტიმატუმი, მაგრამ ორდონიანი თვითმმართველობის და საერთოდ, დიდი უფლებამოსილების მქონე თვითმმართველობის თემებზე დისკუსიის გახსნა წინასაარჩევნოდ ძალიან სასარგებლო იქნებოდა”, – ამბობს “რესპუბლიკელთა” ერთ-ერთი ლიდერი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, თვითმმართველი ქალაქების აღდგენაზე ვალდებულებას მისი პარტია აიღებს.

“ჩვენ არაერთი პერფორმანს-აქცია მივუძღვენით ამ თემას, როცა თვითმმართველი ქალაქების სტატუსს აუქმებდა „ქართული ოცნება“ 2017 წლის არჩევნების წინ. მე ამ შემთხვევაში რეგიონებს წარმოვადგენ და შემიძლია ინიციატორს, ბატონ დავით ბერძენიშვილს ვუთხრა, რომ მე ვიქნები ერთ-ერთი გარანტი, რომ ჩემი ინიციატივაც იქნება, თელავს და ძალიან ბევრ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭოს”, – აცხადებს ბოტკოველი.

მისი თქმით, 2013 წელს “ოცნების” გადაწყვეტილებით მიენიჭა კონკრეტულ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ეს არასწორად გაკეთდა, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც 2016 წელს “უგუნური გადაწყვეტილებით” თავადვე  გააუქმეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების პრობლემა შეექმნათ.

“2013 წელს არ გაითვალისწინეს კრიტერიუმები, რომელიც უნდა დაედოს საფუძვლად, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქი, რომ მას თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭოს. რამდენი რეგიონიც იყო, პირდაპირ აიღეს ამ რეგიონის ცენტრი ქალაქები, მაგალითად, თელავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი და რეგიონების ამ ცენტრ ქალაქებს მიანიჭეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. შემდგომ კი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ პატარა ქალაქებში ეს ყველაფერი მათთვის წამგებიანი იყო. მაგალითად, იყო ვითარება, რომ ცალკე აღებულ თვითმმართველ ქალაქს, ზოგიერთი მიმართულებით, აგებდნენ. სწორედ ამიტომ სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება “ქართულმა ოცნებამ” თავის სამომავლო გამარჯვებაზე მოარგო. ის, რაც გააკეთეს, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია და თელავი და ბევრი სხვა ქალაქი თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა წარიმართოს იმ ქალაქის უკეთესი ინფრასტრუქტურა და უკეთესი ცხოვრება”, – მიიჩნევს ბოტკოველი.

თვითმმართველი ქალაქებისგან განსხვავებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ჩამოყალიბებული არ აქვთ ხედვა, მისაღებია თუ არა ორდონიანი თვითმმართველობა. როგორც ბოტკოველი ამბობს, ეს სამსჯელო და სამუშაო თემაა.

“იქ ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც ჩაშლას ითვალისწინებს და ასე გადაჭრით არ შეიძლება ვთქვათ. აუცილებლად უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ, ყველა ის კრიტერიუმი უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი ქვეყნის მოდელს უნდა მოერგოს. აუცილებლად, ყოველი ახალი ინიციატივა ახალი სინერგიის შემომტანია და ვფიქრობ, რომ ესეც მისაღებია და სამუშაო თემაა”, – დასძენს ბოტკოველი.

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ცალსახაა, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა მინიმუმ იმდენი უნდა გახდეს, რაც “ქართული ოცნების”  მიერ გაუქმებამდე იყო და პარტია ამ მიდგომას იზიარებს.

“ქართულმა ოცნებამ” 2014 წლისთვის თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაზარდა, მაგრამ ისინი ყველაფერში არათანმიმდევრულები არიან და ეს თავისი დემოკრატიული შეპირება ისევ უკან წაიღეს – ქალაქებს თვითმმართველი ქალაქების სტატუსი ჩამოართვეს, რაც, დემოკრატიის თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ამიტომ “ევროპული საქართველოს” პოზიციაა, რომ თვითმმართველი ქალაქების მინიმუმი რაოდენობა აუცილებლად უნდა აღდგეს, ჩვენი პარტია ამას იზიარებს. ზოგადად, ჩვენი პოზიციაა, რომ მკაფიოდ გაიმიჯნოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციები. ადგილზე ძალიან ბევრი რამ უნდა ჩავიდეს, რომ მოსახლეობასთან ახლოს იყოს ის მომსახურება და საქმე, რაც უშუალოდ ადგილებზე უკავშირდება მოქალაქეებისთვის ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ სამსახურის გაწევას”, – მიიჩნევს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, მისი პარტია მზადაა, მათ შორის, დავით ბერძენიშვილთან და სხვა პროდასავლურ ძალებთან განიხილონ სხვადასხვა მოდელები.

“დანარჩენი, როგორ უნდა იყოს მთლიანად სახელმწიფოებრივი მოწყობა დონეების მიხედვით, აქაც ჩვენ ვიზიარებთ, რომ საჭიროა კონსულტაციები პროდასავლურ ძალებს შორის, რათა ისეთი მოდელი შევთავაზოთ საზოგადოებას და გადავიდეთ ისეთ მოდელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის იქნება გამართლებული, გამართლებული, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ისე ფინანსურ-ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. მზად ვართ, ორდონიანი მოდელიც განვიხილოთ, ოღონდ გვაინტერესებს მეტი დეტალი”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ყოველთვის იყო და რჩება თვითმმართველობის გაძლიერების მომხრე.

“ვიყავი მომხრე და ერთ-ერთი თანაავტორი იმ რეფორმის, რომელმაც გააჩინა თვითმმართველი ქალაქები და განსაზღვრული იყო ამ მიმართულებით რეფორმის გაგრძელება. სამწუხაროდ, 2016 წლის შემდეგ  „ოცნებამ“ ის რეფორმა პრაქტიკულად გააუქმა და კვლავ ცენტრალიზაციის გზას დაადგა. ამიტომ მე თვითმმართველობის გაძლიერების და მათ შორის, თვითმმართველი ქალაქების გაჩენის მომხრე ვარ 30 წელია და დავრჩები ასეთად მომავალი 30 წელი, თუ ვიცოცხლებ”, – აღნიშნავს უსუფაშვილი.

2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი. მართლაც დადგება თუ არა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში თვითმმართველობის საკითხები და შეძლებენ თუ არა ისინი პოზიციების შეჯერებას, ამას მალე ვნახავთ, დღევანდელი მოცემულობით კი, პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემატიკით, ფაქტობრივად, არ ინტერესდებიან. ამ მიმართულებით პროცესები საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებში ისე მიდის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ყურადღების მიღმა რჩება და რიგით, გეგმიურ განცხადებებსაც კი არ აკეთებენ.