რამდენით დაფინანსდებიან აჭარის მუნიციპალიტეტები 2020 წელს დღგ-ის 19%-დან

2215

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას კვლავ თვითმმართველი ქალაქი ბათუმი მიიღებს, თუმცა, მისი დაფინანსება, წლევანდელთან შედარებით, მცირდება, – ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პროექტში წერია.

როგორც ირკვევა, გაისად დღგ-ის 19%-იდან ბათუმის დაფინანსების წილი 5.07%-დან 4.70%-მდე მცირდება, შესაბამისად, ის 150 ათასით ნაკლებ თანხას მიიღებს. თუ წელს ეს თანხა 47 953.6 ათას ლარს შეადგენდა, 2020-ში ის 47 803,3 იქნება.

ბათუმის შემდეგ ყველაზე მეტ დაფინანსებას ქობულეთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. ბათუმისგან განსხვავებით, ამ მუნიციპალიტეტს დაფინანსება 2 მილიონზე მეტით გაეზრდება. თუ წელს დღგ-იდან დაფინანსების პროცენტი 0.98 იყო, გაისად ის 1.14% იქნება. შესაბამისად, თანხაც, წლევანდელი 9 304.0 ათასისგან განსხვავებით, 11 630.0 ათასი ლარი გახდება.

მილიონ ექვსასი ათასით გაიზრდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. თუ წელს დღგ-ის 19%-დან ამ მუნიციპალიტეტისთვის 0.68% იყო გათვალისწინებული, გაისად ის 0.79%-მდე მოიმატებს. შესაბამისად, წლევანდელი 6 410.9 ათასი ლარისგან განსხვავებით, 8 013.6 ათასი ლარი იქნება.

0.65%-დან 0.75%-მდე მოიმატებს ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსების პროცენტი. შესაბამისად, თანხასაც 2020-ში მილიონნახევრით მეტს მიიღებს – თუ წელს ამ მუნიციპალიტეტის დაფინანსება 6 110.3 ათასი ლარი იყო, გაისად ის 7 637.8 ათასი გახდება.

0.23%-დან 0.27%-მდე მოიმატებს ხულოს მუნიციპალიტეტის დაფინანსების პროცენტიც და გამოყოფილი თანხაც ნახევარი მილიონით მეტი იქნება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს 2 170.0 ათასი ლარი ერგო, გაისად მას 2 712.5 ათასი ლარი შეხვდება.

რეგიონში ყველაზე დაბალი დაფინანსება კვლავ შუახევის მუნიციპალიტეტს რჩება. მისი დაფინანსების პროცენტი ისევ 0.03 იქნება, თუმცა, თანხა მცირედით – 62 ათასით მოიმატებს. ჯამში, დღგ-ის 19%-ის განაწილებისას, შუახევს 2020 წელს 312 500 ლარი ერგება, შარშან მისი დაფინანსება 250 000 ლარს არ აღემატებოდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.