გურიის რომელ მუნიციპალიტეტს რა თანხა ერგება 2020 წელს დღგ-ის 19%-იდან

1782

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. პროექტი, სხვა პარამეტრებთან ერთად, ასევე, განსაზღვრავს, თუ რომელი მუნიციპალიტეტი რა თანხას მიიღებს დღგ-ის 19%-იდან, რომლითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობები, უკვე მეორე წელია, ფინანსდებიან.

წლევანდელის მსგავსად, 2020-შიც გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი თანხა კვლავ ოზურგეთს ერგება. მისი დაფინანსების წილი 1.41%-დან 1.45%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, თითქმის მილიონნახევრით გაიზრდება თანხაც. თუ წელს დღგ-ის 19%-იდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 13 313.8 ათასი ლარი ერგო, გაისად ეს თანხა 14 771.6 ათასი ლარი იქნება.

ნახევარი მილიონით გაიზრდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაფინანსების პროცენტი კვლავ 0.74 დარჩება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-იდან 6 980.8 ათასი ლარი ჰქონდა, 2020-ში ეს თანხა 7 496.4 ათას ლარამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, 2020 წელს გაიზრდება როგორც მისი დაფინანსების პროცენტი – 0.32-დან 0.37%-მდე, ისე თავად თანხაც, რომელიც წლევანდელს 755 ათასით აჭარბებს. წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 3 021.8 ათასი ლარი ერგო, გაისად კი 3 777.2 ათას ლარს მიიღებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.