ახალციხის მერი ტენდერებზე: „მზად ვარ, გამოძიების ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო“

618

ახალციხის მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. ზაზა მელიქიძის თქმით, ის მზადაა ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. ინფორმაციას მეცხრე არხი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო საქმის დოკუმენტებსაც სწავლობს და გამოკითხვებსაც ატარებს.

„მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ყველა კითხვას ვუპასუხო, რადგან აქ დანაშაული არ არის. დოკუმენტებსაც სწავლობენ და გამოკითხვებიც მიმდინარეობს. თქვენ ამ ბოლოსაც გააჟღერეთ, რომ თითქოს ჩვენ წილები არ გვაქვს გადაცემული, მაგრამ ყველაფერი არის გაწერილი და მინდობით გაცემული“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

მისი თქმით, დოკუმეტები კანონთან სრულ შესაბამისობაშია.

„თქვენ გაქვთ საშუალება ნახოთ, მანქანები 2012 წლამდეც გვქონდა და რა გვექნა, ეს ტექნიკა ჯართში ჩაგვებარებინა? იქ ადამიანები მუშაობენ, მძღოლები მუშაობენ. იმდენს მუშაობს ეს ორგანიზაცია, რომ მათი ოჯახებისთვის ხელფასი მაინც აიღონ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობით სუს-ი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მათ მიერ მოგებული ტენდერები შეისწავლა.

ორგანიზაცის კვლევაში წერია, რომ ზაზა მელიქიძის კომპანიები, პოლიტიკაში მოსვლამდე სახელმწიფო შესყიდვებში თითქმის არ მონაწილეობდნენ, მას შემდეგ კი, რაც ჯერ გამგებლად, შემდეგ მერად აირჩიეს, მშენებელმა კომპანიებმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, მუნიციპალიტეტის გამოცხადებული ტენდერები მოიგეს.

ამ პერიოდის განმავლობაში, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ. საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.