კვლევა: რას მალავენ დეკლარაციებში იმერეთის მუნიციპალიტეტის საჯარო პირები

122

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” კვლევაში, რომელიც მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების არასწორ შევსდებას ეხება, დარღვევები იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების 60-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 10-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 6 ფაქტი და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2 შემთხვევა.

იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:

კვლევაში ქუთაისიდან მოხვდა 2 საჯარო პირი:

იუზა უგულავას, ქუთაისის მერის მოადგილეს – 2019 წლის ივნისში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „იუკოს” 50% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

ნიკოლოზ ლატარიას, საკრებულოს თავმჯდომარეს – 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ნიკოილი თერჯოლას” 50%, შპს „გიოს” 40%, შპს „ნიკოილი 9”-ის 100% და შპს „ფრეშ ფუდის” 55% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ნიკოლოზ ლატარიამ 2014 წელს 1 306 ლარი შესწირა „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”.

თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დეკლარაციაში ბიზნესი დამალული აქვს საკრებულის თავმჯდომარის მოადგილეს.

ნოდარ ფანჩულიძეს, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „იმერეთი 2017”-ის 100%-იანი წილის მესაკუთრე. ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს 6 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფორმაცია დამალული აქვს მერის პირველი მოადგილეს.

ზურაბ მაისურაძეს, წყალტუბოს მერის პირველი მოადგილეს – 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „დიაპლასტის” 50% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

ხონის მუნიციპალიტეტიდან კვლევაში მოხვდა ქალაქის მერი.

ლადო ჯურხაძეს, ხონის მერს – 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „გლობალ ენერჯი სოლუშენსის”, შპს „ბატონო ტრეველიძის” და შპს „მახაუტოს” დირექტორი და 100% მფლობელი, ასევე შპს „ენერგეტიკის ავტომატიზაციის ქართული კომპანიის” 5% მფლობელია. პრობლემატურია ის გარემოებები, რომ ლადო ჯურხაძე, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, 3 შპს-ში დღემდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას და საკუთარ წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია დამალული აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

რუსუდან გიორგაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე შპს „დ გრუპის’’ დირექტორი და 100%- იანი წილის მფლობელია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ოჯახის ბიზნესი დამალული აქვს ქალაქის მერს.

გივი მოდებაძეს, ჭიათურის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნინო ბუთხუზი შპს „ოკეანე +”-ის 25% მესაკუთრეა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში არასრულად შევსებული აქვს დეკლარაცია მერის მოადგილეს.

ფირუზ ბურჯანაძეს, ბაღდათის მერის მოადგილეს – 2019 წლის აპრილში დეკლარირებული აქვს, რომ იგი არის ,,ჯორჯიან სენდ კომპანის’’  50% მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
ფირუზ ბურჯანაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ფლობს შპს „ჯორჯია სეთ კომპანი 2”-ის 15%-ს, მას არც ეს წილი აქვს სხვა პირზე მინდობით გადაცემული.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან კვლევაში მოხვდა  მერის მოადგილე.

დავით მაღრაძეს, ზესტაფონის მერის მოადგილეს – 2019 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ჯი ემ დის”  50% მესაკუთრე და შპს „დი პი იმპექსის” 50% წილის მფლობელი და დირექტორია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.