წალენჯიხის მერი საეჭვო ტენდერებზე: ვაპირებ, დავინტერესდე ამ საკითხით

1935

წინა სტატია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას თქმით, ის დაინტერესდება მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებით, რომელზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. ფარცვანიამ რადიო ათინათს უთხრა, რომ ის კვლევას გაეცნო და საკითხით დაინტერესდება.

“მე ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს კორუფციის ნიშნები. ვაპირებ დაველაპარაკო საკრებულოს თავმჯდომარეს. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. მე ვიცი მერიის გამოცხადებული ერთი ტენდერი, რომელშიც ამ კომპანიამ გაიმარჯვა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, მე ინფორმაცია არ მაქვს”, – აღნიშნა ფარცვანიამ.

დღეს, პირველ ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა მონიტორიგნის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ წალენჯიხაში ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს. ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს.

შპს წალენჯიხის საგზაო სამმართველოს დირექტორი ბაგრატ ღვინჯილია ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ წალენჯიხაში ტენდერების მოგებაში კორუფციის ნიშნები არ არსებობს. როგორც ღვინჯილიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, კომპანია ტენდერებს კეთილსინდისიერად იგებს და იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია მისი ბიძაშვილი და ბიზნესპარტნიორია, აღნიშნულთან კავშირი არ აქვს.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.