ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტეს

1254

სტატიის გაგრძელება

ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეკრებილებმა მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი განცხადებით, აღნიშნული მანქანებით სხვადასხვა მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხორციელდება, ხოლო ქარხნიდან მუშაობის პროცესში მტვერი იფრქვევა, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

“აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხნის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ასევე მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილებას, რომლებიც მავნე ნივთიერების ტრანსპორტირებას ახორციელებენ. არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. გავესაუბრეთ ქალაქის მერს და დაგვპირდა , რომ ალტერნატიულ გზას გამონახავენ. თუმცა რამდენ წელიწადში გამონახავს ის ამ გზას, ველოდებით პასუხს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ეს კვლავ ქუჩა გადაიკეტება“, – განაცხადა აქციის მონაწილე ანა ქავთარაძემ.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ვითარებაში გარკვევას დაპირდნენ.

“მძიმეწონიანი მანქანების მიერ მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას ვერ დავადასტურებ, რადგან ამაზე მუშაობს სპეციალური უწყებები, რომლებიც, რეგულარულად ამოწმებენ იმ საწარმოებს, საიდანაც აღნიშნული ტვირთების გადატანა მიმდინარეობს. მათგან მიღებული ინფორმაციით, კანონდარღვევით არ ხდება მსგავსი ნივთიერებების ტრანსპორტირება. რაც შეეხება ცემენტის ქარხანას,ის არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საწარმო. იქაც დაცულია ყველ ნორმა. ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპენტეცია და მასაც შესაბამისი სამსახური ამოწმებს. ჩვენ გვესმის მოსახლეობის და ყველა ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ დროულად იქნეს აღმოფხვრილი არსებული პრობლემები. ამაში აქტიურად არის ჩართული როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი. დარწმუნებული ვარ ერთობლივად შევძლებთ აღნიშნული საკითხის მოგვარებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება ალტერნატიული გზის მშენებლობაზე, მუშავდება სხვადასხვა პროექტი და იმედს ვიტოვებ, რომ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.