ზუგდიდის სტადიონის მშენებლობას 9.9 მილიონი ლარი მოხმარდება

1153

წინა სტატია

ზუგდიდში ენგურ-ქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო სტადიონის დასრულების და ახალი, ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ – შპს “მაქრო ქონსთრაქშენმა” მიიღო. მან ფონდს სამუშაოების შესასრულებლად ფონდს თავდაპირველად განსაზღვრული 10 548 180 ლარის ნაცვლად, 9 900 000 ლარი შეთავაზა.

შემდეგი ეტაპი წარმოდგენილი წინადადების შეფასებაა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების ფარგლებში, მთავარ სტადიონზე ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის გაკეთება, ასევე, ტრიბუნების გადახურვა, მოედნის განათების მოწყობა, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება სათადარიგო სტადიონს, აქ 1 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა. იქნება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები. დამონტაჟდება მოედნის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, განათება. ამასთან, განხორციელდება შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების და კეთილმოწყობის სამუშაოები.

სტადიონის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდებულიყო, თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირებების გამო და სავარაუდოდ, 2020 წლისთვის უნდა დამთავრდეს. სულ ამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. მთავარი სტადიონი, დაახლოებით, 7 300 მაყურებელზეა გათვლილი.