ქუთაისის მერია კლუბ “ტორპედოს” მფლობელ კომპანიას სასამართლოში უჩივლებს

853

წინა სტატია

ქუთაისის მერია ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს რამდენიმე დღეში შეიტანს, – ამის შესახებ “ნიუპრესს” მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ დაუდასტურა.

“სარჩელი მზადდება იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ფლობს ტორპედოს, ვითხოვთ ტორპედოს 100-პროცენტიანი წილის დაბრუნებას ყოველგვარი ვალის გარეშე, უახლოს დღეებში მომზადდება სარჩელი და წარედგინება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს”, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

მისი თქმით, ვალი დაახლოებით 3 მილიონამდეა, თუმცა ეს დაუზუსტებელია, ვიდრე კლუბში აუდიტი არ შევა და ყველაფერს არ შეისწავლის.

“ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ზაალ ჩაჩავას  წინააღმდეგობა ვალის აღიარებაზე არ განუცხადებია, თუმცა ჯერჯერობით ვალი არც აღიარებული აქვს.  თუ აღიარებს ვალს, მაშინ სარჩელს აზრი აღარ ექნება –  ვალს გაისტუმრებს თვითონ ნებაყოფილებით. მას შეუძლია  ნებისმიერ მომენტში დაეთანხმოს მერიის წინადადებას და გადმოსცეს “ტორპედოს” 100-პროცენტიანი წილი”, – განმარტავს მერიის იურისტი.

კითხვაზე,  გაართულებს თუ არა საქმეს ის ფაქტი, რომ “ტორპედოს” მფლობელი კომპანია  შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსი”, ზაალ ჩაჩავას მამის სახელზეა რეგისტრირებული, გიორგაძე განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება და არა ფიზიკურ პირს. მისი თქმით, კომპანიას გასულ წლებში 11 მილიონი ლარის ბრუნვა უფიქსირებოდა.

რაც შეეხება კლუბში ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნას,  გიორგაძის თქმით, თემურ ჩეჩელაშვილი ამ პოსტზე ზაალ ჩაჩავამ დანიშნა.

შეგახსენებთ, ზაალ ჩაჩავა “ტორპედოს” მფლობელი 2 წლის წინ გახდა, კლუბი ოფიციალურად შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა”   300 000 ლარად შეიძინა, ასევე, ჩაიდო პირობა თანხის გადახდის ორწლიანი ვადით განწილადების შესახებ. როგორც ცნობილია, ჩაჩავამ ეს პირობა არ შეასრულა და კლუბის გამოსასყიდი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიხადა. ინვესტორს არც სხვა დაკისრებული პირობა შეუსრულებია და კლუბში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა “ტორპედო” დაშლის პირას მიიყვანა.