ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა

265

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისათვის, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. სამუშაოებს შპს „კარკასი“ 218 360 შეასრულებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში სპორტული კომპალექსის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად, შპს „კარკასთან“ ხელშეკრულება პირველ აგვისტოს გააფორმა. ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბრამდეა დადებული.

ტენდერში მონაწილეობას ორი კომპანია იღებდა, შპს „კარკასი“ და ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“.

საბოლოოდ, „კარკასმა“ 218 360 ლარის შეთავაზება გააკეთა, „ინჟარქიტექტმა“ კი, 218 361 ლარი. შესაბამისად, „კარკასმა“ ერთ ლარიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველად იგი ტენდერში მონაწილე კომპანიისათვის დისკვალიფიკაციის მინიჭების გამო ჩავარდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე,სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს.

გარდა ამისა, კომპლექსმა უნდა მოიცვას პარკინგის ადგილი, მთავარი შესასვლელი რეგისტრატურით, ჰოლი, სადაც შეიძლება განთავსდეს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტები, სველი წერტილები, ექიმის კაბინეტი, დაცვის ოთახი.

ამავე შენობაში იგეგმება კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობა.