ქუთაისის მერიამ ადმინისტრაციული ხარჯები გააოთხმაგა

704

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. 2019 წლის ხუთი თვის მონაცემებით, გაზრდილია დანამატის, მივლინებისა და საწვავის ხარჯები. ამ სამი კომპონენტიდან მერიამ ყველაზე მეტი თანხა, 123 859 ლარი. დანამატის სახით გასცა, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია გასული წლის ამავე პერიოდში დახარჯულ თანხაზე. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ამ მიზნით გაცემული თანხის რაოდენობა 31 305 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს მუნიციპალური ბიუჯეტიდან მხოლოდ დანამტისთვის 92 554 ლარით მეტი გაიცა.

ასევე, 9 000 ლარით მეტი დახარჯა მერიამ მივლინებებისთვის. გამოცემა “ქუთაისი პოსტისთვის” ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში ამ მიზნით 23 838 ლარი დაიხარჯა, წელს კი საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მივლინებებს 32 931 ლარი მოხმარდა.

ასევე, თითქმის 9 000 ლარით გაზარდა მერიამ საწვავის ხარჯები. თუ გასული წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საწვავისთვის 78 546 ლარი დაიხარჯა, 2019 წლის იანვარ-მაისში ამ ხარჯებმა 87 030 ლარი შეადგინა.

ჯამში, მერიამ დანამატის, მივლინებისა და საწვავისთვის წელს გასულ წელთან შედარებით, 110 131 ლარით მეტი დახარჯა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ გაზრდილი დანამატი საჯარო მოხელეების მიერ დამატებითი სამუშაოს ანაზღაურებით არის გამოწვეული, საწვავზე კი ფასმა მოიმატა, რამაც ხარჯი გაზარდა. რაც შეეხება მივლინებას, ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ მიზნით ბიუჯეტში წელსაც შარშანდელის მსაგავსად ლიმიტირებული თანხა 70 000 ლარია გაწერილი, თუმცა, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში უფრო მეტის ათვისება მოხდა.

“ზოგიერთ თანამშრომელს დამატებითი საქმიანობის შესრულება უწევს და ცხადია მას გამონაკლისის სახით ზეგანაკვეთური თანხა გამოეწერება. ასევე, თვითმართველობაში დაწესებულია შეფასების სისტემა, რომლის საშუალებით ხდება მოხელეთა წახალისება. მსგავსი ღონისძიებები გატარდა მაგალითად, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზების დროს, გარე ვაჭრობის აღკვეთის დამატებით სამუშაოებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. რაც შეეხება საწვავის ხარჯებს, გასულ წელთან შედარებით საწვავის ფასმა მოიმატა რამაც ხარჯის ნაწილიც გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ქუთაისის მერიამ საწვავის შეძენის მოცულობა გასულ წელთან შედარებით შეამცირა“, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.