ბათუმის საკრებულოს სხდომა 20-21 ივნისის მოვლენების შეფასების გამო დაპირისპირების ფონზე წარიმართა

94

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე 20-21 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“მათი მოწოდებებით, ქმედებებით, წაქეზებებით, მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე ორი საათის განმავლობაში ახორციელებდა შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე. დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდაც, სამწუხაროდ, რამდენიმემ დაკარგა თვალი. ფაქტია, რომ აღიკვეთა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდით დამხობის გზა. დღეს ჩვენს ხელისუფლებაში არის პარტია, რომლისთვისაც ერთ-ერთი ამოსავალი და მთავარი არის ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონმდებლობის დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველა ის პიროვნება, ვინც ცდილობდა სახელწიფო გადატრიალების მოწყობას და ყველა ის პოლიციელი, ვინც გადაამეტა თავის უფლებამოვალეობას, სასტიკად დაისჯება,“ – განაცხადა სულიკო თებიძემ.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლა გენერალ როდიონოვის სიტყვას შეადარა 9 აპრილის მოვლენების შემდეგ. “თქვენ ამართლებთ ძალადობას“, – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ინიციატივა, ბათუმის საკრებულოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია საქართველოში რუსი დეპუტატის გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა ფრაქციას მიმართვა არ დაურეგისტრირეს.