საფეხმავლო ხიდი ახალქალაქში, რომელზე გადაადგილებაც სიცოცხლისთვის საშიში გახდა

969

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინგრევა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ყოფილ სამხედრო ქალაქ №1-სა და მასივ ჯივანის ერთმანეთთან აკავშირებს. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.

ხიდზე, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დიდი ღრმულებია, ჩაყრილია ქვები და დაფენილია დაფები. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დაფენილი დაფები დამპალია და უკვე იმხელა ხვრელებია, რომ ყოველ გადასვლაზე არსებობს დიდი საფრთხე, ფეხქვეშ ხიდი ჩაენგრეთ. თუმცა ამის მიუხედავად მიმდინარე წლის 2019 წლის ბიუჯეტში ხიდის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ არის.

გამოცემის ცნობით, ხიდზე დიდი ხვრელები გაზაფხულზე გაჩნდა და მასზე უბრალოდ დაყრილია ქვები. ხიდის მდგომარეობა განსაკუთრებით კიდევ უფრო გამწვავდა მიმდინარე დღეებში ხანგრძლივი წვიმის შემდეგ, წინ კი შემოდგომა და ზამთარია. ხიდზე მიყოლებით რამდენიმე ადგილას დადებულია დაფები და ყოველთვის არის საფრთხე, რომ ახალი ხვრელი ჩამოყალიბდეს ფეხით მოსიარულეთა ქვეშ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაიღალნენ ჩივილითა და ადგილობრივ ხელისუფლების გულგრილობით. როგორც გამოცემა წერს, მერიაში განაცხადეს, რომ ხიდის რეაბილიტაცია წელს გათვალისწინებული არ არის.