მუნიციპალიტეტებში ონლაინ-პეტიციის წარდგენის შესაძლებლობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

439

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მუნიციპალიტეტებში ონლაინ-პეტიციების წარდგენის შესაძლებლობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შედეგების პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.

კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტების ვებგვერდების თითქმის ნახევარი ონლაინპეტიციის წარდგენის შესაძლებლობას იძლევა, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

ზოგადად, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საერთო მაჩვენებელი 2017 წლის მაჩვეებელს 7%-ით აღემატება და 2019 წლისთვის 32%-ს შეადგენს.

მუნიციპალური ვებგვერდების 70% მობილურ პლატფორმებთან ადაპტირებულია, რაც 20%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

ამის მიუხედავად, კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ელმმართველობის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობები გამოწვევების წინაშე მაინც დგანან. კერძოდ, მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია. ასევე, თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ონლაინ-ნებართვებს მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტი იყენებს, sms-შეტყობინებებს კი – 5.

აგრეთვე, პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის შეუსაბამობა ვებგვერდის დომენთან. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი gmail.com-ს, yahoo.com-ს და mail.ru-საც კი იყენებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დეტალური შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით იხილეთ ბმულზე.