მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე “ვითიბი” ბანკისა და ბანკი “ქართუს” პლასტიკური ბარათებითაც შესაძლებელია

768

საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა “საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათების გარდა, მგზავრებს უკვე “ვითიბი” ბანკისა და ბანკი “ქართუს” პლასტიკური ბარათებითაც შეუძლიათ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, თუკი იქნება სხვა ბანკების თანხმობაც, მათ ჩართვას ამ სისტემაში, “საქართველოს ბანკი” უზრუნველყოფს.

“ავტობუსებსა და მეტროში სხვადასხვა ბარათების მომსახურების სისტემაზე პასუხისმგებელია “საქართველოს ბანკი”, გაბილეთიანების ხელშეკრულების თანახმად. სისტემა ტექნიკურად გამართულია და ამ ეტაპზე სისტემაში ჩაერთო “ვითიბი” ბანკი და “ქართუ”. რაც შეეხება სხვა ბანკებს, ეს დამოკიდებულია მათი მხრიდან მზაობაზე და თუკი იქნება სხვა ბანკების თანხმობაც, ტექნიკურად მათ ჩართვას ამ სისტემაში მოლაპარაკების თანახმად, უზრუნველყოფს “საქართველოს ბანკი”, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციის შემდეგ, თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ მასში ჩართვა ნებისმიერ ბანკს შეეძლო, მათ შორის, დაანონსებული იყო, რომ სისტემაში “თიბისი“ ბანკიც ჩაერთვებოდა.

ცნობისთვის, “საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით, 2017 წელს მიიღო.