მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ქუთაისმა, შესაძლოა, ევროპა ლიგის თამაშებს ვერ უმასპინძლოს

239

წინა სტატია

ქუთაისი ევროპა ლიგის თამაშებს ვერ უმასპინძლებს. მიზეზი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მოუწესრიგებლობაა. ქუთაისის მერის მიერ დაანონსებული ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა და სამუშაოები არ დაწყებულა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა, რისთვისაც ნახევარ მილიონზე მეტი გამოიყოფოდა.

“დაახლოებით, 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ახალ წლამდე გვქონდა ამაზე საუბარი ფეხბურთის ფედერაციასთან. ისინი მოედნის საფარს შეცვლიან. შენობის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ჩვენ მოვახდენთ, ძალიან დიდი და კარგი პროექტი არის, რომელიც 2019 წელს განხორციელდება და მაღალი კატეგორიის სტადიონი ექნება ქალაქს”, – აცხადებდა გიორგი ჭიღვარიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ პროექტირებაზე მარტში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია პროექტს უახლოეს მომავალში წარადგენს.

“გამარჯვებული კომპანია პროექტს წარმოადგენს. სამუშაოებზე ამის მიხედვით გამოცხადდება ტენდერი და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაანონსებული სამუშაოები დასრულდება”, – განაცხადეს მერიაში.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობას და მოეწყობა VIP ლოჟა და პრესცენტრი. თუმცა, შეიცვლება თუ არა სკამები,  უცნობია.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამ დროისთვის მინდვრის საფარის შეცვლა მიმდინარეობს. სამუშაოებს ფეხბურთის ფედერაცია აწარმოებს.